ზინობიანი
ზინობიანი — უდებით დასახლებული ერთადერთი დასახლება საქართველოში
სოფელი 100-წლიანი ტრადიციებითა და დღევანდელი პრობლემებით
თინათინ მოსიაშვილი
ზინობიანი (ყოფ. ოქტომბერი) ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის თემის სოფელია. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ყვარლიდან 12 კილომეტრში.
დაგუგვლისას, ტრადიციულად, პირველად ვიკიპედია იძებნება და ვიკიპედიაში ეს ინფორმაცია დევს სოფელზე.
2002 წლის აღწერის შედეგებით, ზინობიანში 412 კაცი იყო. ბოლო, 2014 წლის აღწერით კი –– 337. უნდა ითქვას, რომ სოფელში მამაკაცები ჭარბობენ.
ეს მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ ბევრი დასახლებული პუნქტის მსგავსად, აქაც შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა. ამბობენ, რომ აღწერის მერეც, ბოლო შვიდ წელიწადშიც იკლო შობადობამ და გაიზარდა მიგრაცია. ახალგაზრდები აქაც ტოვებენ სოფელს.
ამ ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემებისა და სტატისტიკის მიღმა არსებული მდგომარეობის გასაცნობად ზინობიანში კიდევ ერთხელ ჩასვლა და ერთი დღით დარჩენა გადავწყვიტე. მინდოდა ძველი ალბანელების შთამომავლების დღევანდელი ყოფა მენახა და გამეცნო მკითხველისთვის.
ანა
„თბილისიდან პირველი სამარშრუტო 10-ის ნახევარზე, შემდეგი 12-ზე გადის და მერეც დაახლოებით საათში ერთი მანქანა მიდის ზინობიანისკენ, –– მწერს ანა და 12 საათიანი მიკროავტობუსის მძღოლის ნომერსაც მიმესიჯებს — მაინც წინასწარ შეეხმიანეთ, ადგილი რომ შეგინახოთ“.
ანა აივაზაშვილი ჩემი ყოფილი სტუდენტია. როგორც ჩანს, საქართველოს გეოგრაფიის პირველ ლექციაზე არ მესწრებოდა, როცა, ტრადიციულად, ვეცნობი სტუდენტებს და აუცილებლად ვეკითხები, საიდან არიან. საკმაოდ გვიან, ნაცნობობის ორი წლის მერე აღმოვაჩინე, რომ ზინობიანიდან იყო. ეს სოფელი ანას დედულეთია. აქ გაიზარდა.
უდიური გვარები ძალიან ჰგავს ქართულ გვარებს, თემიც ისეა ადაპტირებული ქართულ საზოგადოებასთან, რომ შეიძლება ვერც გაარჩიო აქაური უდი ქართველისგან.
მახსოვს, ანასაც თვალები გაუბრწყინდა, როცა გაიგო, რომ ვიცნობდი მის სოფელს, ნამყოფი ვიყავი და რეპორტაჟიც მქონდა დაწერილი. მაშინ ექსკურსიაზე მივდიოდით ვაშლოვანისკენ, გზად ვისაუბრეთ ზინობიანზე, საქართველოში მცხოვრებ უდებზე… მაისი იყო და ანა ერთ თვეში ამთავრებდა უნივერსიტეტს, ეს საუბარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საბაკალავრო ნაშრომის თემა შეეცვალა, უდების მემკვიდრეობაზე, ზინობიანის ტურისტულ პოტენციალზე დაეწერა და წარმატებით დაეცვა ნაშრომი.
ანა აქტიურად ჩაება სოფლის განვითარებაზე ზრუნვაში. სხვებთან ერთად დააარსა არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია „საქართველოს უდიები“.
გზა ზინობიანისკენ
თბილისიდან ზინობიანამდე დაახლოებით 2 საათის გზაა. ახალსოფლის მიკროავტობუსი გავაზის, ჭიკაანისა და ზინობიანის გავლით დადის. ზინობიანიც, როგორც ზემოთ ვთქვით, ჩანტლისყურესთან ერთად ჭიკაანის თემში შედის.
„აბა, ზინობიანში ვინ ჩადიოდა?“ –– კითხულობს ახალგაზრდა მძღოლი, ნოდო.
სოფლის ცენტრში, სკოლასთან, ანას დედა უნდა დამხვდეს. ანა რუსთავში ცხოვრობს, თბილისში ბანკში მუშაობს და სამსახურიდან გათავისუფლება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მთელი დღე მირეკავს: სად ვარ, როგორ ვმგზავრობ, რამე ხომ არ მჭირდება.
ჭიკაან-ახალსოფლის ან ყვარლისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ასფალტია დაგებული, შიდა გზები კი მოუკირწყლავ-მოუწერიგებელია. წვიმიან დღეებში გუბეები და ტალახი ჩვეულებრივი მოვლენაა.
15-16 წლის წინ პირველად ვიყავი რეპორტაჟზე ზინობიანში. ბევრი რამ შეცვლილა.
სკოლის წინ, დღეს სანახევროდ დანგრეული ძველი ბიბლიოთეკის გვერდით ახალი ტაძარია. ორ შენობას შორის კი კვარცხლბეკს ამზადებენ. მალე აქ ზინობი სილიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება. ძეგლისთვის თანხა ახალგაზრდებმა შეაგროვეს. ანაც მეგობრებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში.
ზინობი სილიკაშვილი ის პირველი უდი იყო, ვინც საუკუნის წინ თანამოძმეები საქართველოში გადმოიყვანა. ამით ბევრი მათგანის სიცოცხლე იხსნა. ზინობის ამბავს ქვემოთ გიამბობთ, ჯერ იმ მიზეზებს გავიხსენებ, რამაც უდები საკუთარი სოფლიდან აყარა.
ზოგიერთი ამბავი ანა აივაზაშვილის საბაკალავრო ნაშრომიდან და ვებგვერდიდან http://paideia.ge/ წამოვიღე.
ცოტა რამ ისტორიიდან
უდები (უდიები, რუსულად უდინები) — კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური ხალხი –– ძველი ალბანელების შთამომავლებად ითვლებიან.
ანტიკურ ეპოქასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ქართული სამეფო-სამთავროებისა და სომხეთის მეზობლად რანთა სამეფო, იგივე კავკასიის ალვანეთი (ალბანეთი) არსებობდა. რომელსაც ქართულ წერილობით წყაროებში რამდენიმე სახელით მოიხსენიებდნენ: „რანი და მოვაკნი“, „რანი“, „ჰერეთი“ (https://bit.ly/2XJ67Rh ).
მკვლევართა აზრით, მსოფლიოში დაახლოებით 8500 უდი უნდა იყოს. ისინი ცხოვრობენ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, თუმცა სულ რამდენიმე კომპაქტური დასახლება აქვთ. საქართველოში ეს ზინობიანია, აზერბაიჯანში — ოღუზი (ყოფილი ვართაშენი) და ნიჯი.
„1920-1922 წ.წ.-ში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის საშინელი ომი, ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. მამამ უდი ხალხი მოარიდა იქაურობას და საქართველოში ჩამოასახლა“, — იგონებდა ლეილა სილიკაშვილი.
სომხეთ-აზერბაიჯანის მაშინდელ ომს არაერთი ადამიანი შეეწირა, ქრისტიანმა უდებმა აზერბაიჯანიდან, სოფელ ვართაშანიდან სიცოცხლის გადასარჩენად ქრისტიანულ საქართველოს მოაშურეს.
სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა წელია მითითებული, მაგრამ ძირითადი ნაკადი 1920-22 წლებში წამოვიდა.
ზინობი სილიკოვი (სილაკაშვილი) იქცა საქართველოს უდების წინამძღოლად. სწორედ მის სახელს უკავშირდება ზინობიანის სახელიც. თავიდან სოფელს ზინობიანი ერქვა, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში — ოქტომბერი. 2010 წელს კი ძველი სახელი დაუბრუნდა.
უდების გადმოსახლებამდე დიდი ძებნის მერე შეირჩა ტყიანი ადგილი მთის ძირას ყვარელში, სადაც პირველი მიგრანტები დასახლდნენ. რომ ჩამოსულან, გვიანი შემოდგომა ყოფილა და იძულებული გამხდარან, მიწა გაეჭრათ, მიწურები მოეწყოთ.
ზემოთ, მთაზე, ვართაშანიდან წამოღებული ნიში დადგეს. ქვემოთ მიწურები იყო და პირველი წლები სწორედ მიწურებში გაატარეს.
ხელისუფლებამ მიგრანტებს 1924 წელს გამოუყო მიწა სოფლის ასაშენებლად.
საქართველოში უდების გადმოსახლების შემდეგ დაარსდა „ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი. პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის.
ზინობთან ერთად მთელი თემი იყო ჩართული და დაიწყო სოფლის შენება: გაიყვანეს პარალელური ქუჩები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, დაარსდა კოლმეურნეობა, დაფუძნდა რამდენიმე საწარმო.
„აღსანიშნავია ის თავდადებული ამაგი, რომელიც მიუძღვის ამხ. ზინო სილიკაშვილს ამ სოფლისადმი: იგი თავის თაოსნობითა და დაუღალავი ენერგიით წინ მიუძღვის გადმოსახლებულთ“, — წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი „კომუნისტი“.
1938 წელს ზინობი სილიკაშვილი, ბევრი სხვა მოღვაწის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა: დააპატიმრეს ბრალდებით, რომ „იყო მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ზინობი სილიკაშვილს 11 ოქტომბერს დახვრეტისა და პირადი ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანეს, 16 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს და დახვრიტეს.
იმ დროს ზინობიანსაც ოქტომბერი დაერქვა.
ზინობის დახვრეტის შემდეგ ოქტომბერი თანდათან იქცა საბჭოთა სოფლად. ცხოვრება ისევე მიდიოდა, როგორც კახეთის ბევრ სოფელში: იყო სკოლა, საბავშვო ბაღი, კოლმეურნეობა — სადაც ყურძენი, ხილი, ბოსტნეული მოჰყავდათ, იყო კოოპერატივები, საწარმოები — აბრეშუმის, აგურის, კრამიტის, ხის სახერხი, ღვინის ქარხნები…
ადამიანები შრომობდნენ და სოფელი ვითარებოდა.
უდიური თემი თანდათან ადაპტირდებოდა ქართულ საზოგადოებასთან.
სილიკოვი, მამული, ჯეირანი, ნეშუმი, ჰაივაზი, დალაქი, ქუმსი, კიწბაბა, კულატამა, ყაზარი, აჯანი… — ასეთი გვარები ჰქონდათ ადრე უდებს და დღესაც ასევე მოიხსენიებენ ერთმანეთს, თუმცა საქართველოში გადმოსვლის მერე, 50-იანი წლებისთვის გვარებს ქართული სუფიქსი — შვილი დაემატა და ასე იქცნენ: სილიკაშვილებად, მამულაშვილებად, ჯეირანაშვილებად, ნეშუმაშვილებად, აივაზაშვილებად, ქუმსიაშვილებად, კიწბაბაშვილებად, კულატამაშვილებად, ყაზარიშვილებად, აჯიაშვილებად…
გამოცემის „უდი უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში“ მიხედვით, თბილისს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში 500-მდე უდია. ეს ეთნიკური უმცირესობა, განსაკუთრებით ქალაქებში, ძალიან არის ადაპტირებული ქართულ მოსახლეობასთან. უდების უმეტესობას, როგორც ზემოთ ვთქვი, თუ გვარმა არ დაგაფიქრათ, ვერც გაარჩევთ ქართველებისგან. ზოგიერთი გვარი ორივეგან გვხვდება.
უდი ქალები
ზინობიანში სტუმრობისას ჩვენ უმეტესად ქალებს შევხვდით.
ადრე ახალგადმოსახლებულ უდებს ცოლები ძირითადად ვართაშანიდან და ნიჯიდან მოჰყავდათ. ნელ-ნელა შერეული ოჯახებიც გაჩნდა.
„უდიური ენის გაადარჩენა ქართველი ქალების ხელშია, რადგან ჩვენი რძლები ძირითადად ქართველები არიან“, — მითხრა ადრე ზინობიანელმა მამული ნეშუმაშვილმა.
ანას ბებია, ნინა (ნინო) სარდლიშვილიც ქართველია, წარმოშობით ქართლიდან არის, დიდი თონეთიდან. 50 წელია, აქაური რძალია. სამი შვილი გაზარდა. ახლა სხვაგან ცხოვრება ვერც წარმოუდგენია.
„ჩემი ქმარი ახლობელთან გავიცანი… ჩემები ჯერ შეფიქრიანდნენ, რა ენაზე ლაპარაკობენ, ვინ არიანო… ერთ ჩვენს ახლობელს ჰყავდა აქაური რძალი და იმისთვის ეკითხათ, ვინ იყვნენ. იმანა დაგვპატიჟა თავისთან უდების გასაცნობად. ვნახეთ, რომ ჩვენსავით ქრისტიანები იყვნენ. გამოვყევი და აქ დავსახლდით“, – იგონებს ნინო.
დღეს ნინო და მისი ქალიშვილი, ანას დედა — მზია, ძველ, მამამთილისეულ ისტორიულ სახლში ცხოვრობენ. სახლი 1934 წელს არის აშენებული. ზინობიანს იშვიათად შემორჩა ასეთი საინტერესო ძველი სახლები, უმეტესობა გადაკეთებელია.
„მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ ახალი სახლი. იქ ახლა ჩემი ვაჟი ცხოვრობს. უდები ძალიან მშრომელი ხალხია. ბავშვებიც პატარაობიდანვე ეჩვევიან შრომას“, — ამბობს ნინო.
მისი მეზობელი მარიამი, მარიკო კოშმატაშვილი-აჯიაშვილი, თავადაც უდია და მეუღლეც უდი ჰყავდა. მარიკო იგონებს, რომ დაობლებული მამამისი სულ პატარა წამოუყვანიათ ვართაშანიდან და ბიძას გაუზრდია.
„მამას ექვსი შვილი ვყავდით. არც დედა მყავს, არც მამა, არც და-ძმა და შვილები მაინც მყავდესო. გვიჭირდა. ერთ პატარა ოთახშიც ვცხოვრობდით. ვშრომობდით ყველა. მერე გავთხოვდი, ადრე დავქვრივდი და მერეც სულ ვმუშაობდი კოლმეურნეობაში“, — იგონებს მარიკო.
დღეს ის ძველი ქარხნები და საწარმოები აღარ არის, აღარც კოლმეურნეობაა. ზინობიელთა ნაწილი სკოლაში, ბაღში, ღვინის ქარხანაში მუშაობს, უმეტესობა – კერძო ნაკვეთებში. მიწა ბევრი არ აქვთ, ოდესღაც თანაბრად განაწილდა და ჰექტარზე ცოტა მეტი აქვს ყველა ოჯახს.
„ხვალ არაფერი დაგეგმო, ყურძნის კრეფაზე მივდივართ. 7 ქალი ვართ საჭირო“, — მზიასთან შემოირბინა მეზობელმა.
მარინა ბაიდოშვილ-დალაქიშვილი 43 წლისაა, ის ისევე, როგორც ანას დედა, მზია აივაზაშვილი, დღიურ სამუშაოზე დადის.
„სამუშაო სულ არის, ადრეული გაზაფხულიდან ზამთრამდე და ზამთარშიც: ვენახის გასხლა, გაფურჩნა, აკვრა, კრეფა… მარწყვის დარგვა, მარგვლა, კრეფა… რთულია, მაგრამ, მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შეგვიწყოს. ჩვენს ხალხს შრომა არ ეზარება“, — ამბობს მარინა.
დღეს უკვე წამოზრდილი ბიჭებიც ეხმარებიან.
მხოლოდ ქალები რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენს სტატიაში, სკოლასთან, საარჩევნო შტაბთან ორ მამაკაცსაც გამოველაპარაკეთ. როგორ გვითხრეს, დროებით უბანზე არიან დასაქმებული, ძირითადად კი საკუთარ მეურნეობას პატრონობენ. მამაკაცების უმეტესობა დასეტყვილი ყურძნის შინ მოტანას ჩქარობდა და ვენახში იყვნენ, ამიტომ ვერ შევხვდით.
რა პრობლემები აქვს სოფელს?
„ხომ ხედავთ, როგორი გზები გვაქვს?“
„კარგია, ბოლო დროს გარე განათება გაკეთდა“.
„სოფელში ექიმი და ამბულატორია არ არის. ჭიკაანის თემში შევდივართ, მაგრამ ამბულატორია კიდევ უფრო შორს, გავაზშია. ტრანსპორტი კი დადის, მაგრამ იქამდე წაყვანა არ უყვართ ხოლმე მძღოლებს“, — ამბობენ ზინობიანელები.
„ჩემი სახლის სახურავი სეტყვამ და ქარმა დააზიანა, ჯერ არავინ მოსულა დასახმარებლად“, — გვითხრა ოლია ქუმსიაშვილმა.
„ბეზ მუზ აჩალე“, — ანუ უდიური ენა რომ არ დაიკარგოს
„ჩემი მამამთილი ხშირად ამბობდა: „ბეზ მუზ აჩალე“ — ჩვენი ენა რომ არ დაიკარგოსო და ცდილობდა, ბავშვებთან უდიურად ესაუბრა“, — იხსენებს ნინო, ჩვენი მასპინძელი.
უდიური ენა, რომელიც საფრთხისა და გაქრობის რისკის ქვეშ მყოფ ენებს მიეკუთვნება, კავკასიურ ენათა ოჯახში შედის. იყოფა ნიჯურ და ვართაშანულ დიალექტებად.
ზინობიანშიც ოჯახებში უდიურად საუბრობენ. თუმცა რძლები ხშირად არ ფლობენ უდიურს და, ცხადია, ვერც შვილებს ესაუბრებიან.
სოფელში ქართული ცხრაწლიანი სკოლაა და ყველა უდი განათლებას ქართულად იღებს, ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ უჭირთ.
სკოლის დირექტორის, მაია კოშმატაშვილის განმარტებით, დაწყებით საფეხურზე ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენას. სახელმძღვანელოებიც აქვთ.
რამდენიმე სიტყვა სკოლაზე და დირექტორზეც უნდა ითქვას.
ზინობიანის ცხრაწლიან სკოლას რამდენიმე წელია მაია კოშმატაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც სოფელში ამბობენ, ამ პერიოდში საოცრად შეიცვალა სასწავლებელი: გარემონტდა შენობა, საკლასო ოთახები, შიგნით შეიტანეს საპირფარეშოები, არის ადამპტირებული გარემო და ადაპტირებული საპირფარეშო.
სკოლას აქვს ახალი ღობე, ლამაზი ეზო.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი დიდი ოჯახი ვართ. გინახავთ სკოლა, ბავშვებს შინ წასვლა არ უნდოდეთ?“, — გვეკითხება დირექტორი.
45 მოსწავლე ჰყავს, 40 ზინობიანელია, 5 — ჭიკაანიდან დადის.
სკოლაში 16 მასწავლებელია, უმეტესობა სერტიფიცირებულია.
„წელს პირველ კლასში 5 ბავშვი გვეყოლება“, — ამბობს დირექტორი.
დედები გამოთქვამენ წუხილს, რომ ასეთ პატარა სკოლაში დიდი ქალაქების მსგავსად სწავლა ონლაინ უნდა დაიწყოს. არადა, ოჯახებში ბევრს არ აქვს მობილური ტელეფონები, კომპიუტერები.
„მცირე კონტიგენტი კი არის, მაგრამ კარგი იქნებოდა, სოფელში საშუალო სკოლა რომ იყოს“, –– ამბობენ მშობლები და მოსწავლეები.
9 კლასის შემდეგ მოსწავლეები ახალსოფლის ან ჭიკაანის სკოლაში გადადიან.
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეები, ტრადიციულად, საკმაოდ კარგ განათლებას იღებენ. ჩვენი შედარებით წარუმატებელი მოსწავლეებიც კი ახალ სკოლებში მაღალ ქულებს იღებენ. მერე კურსამთავრებულთა უმეტესობა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, ბევრს აქვს გრანტიც. კარგად სწავლა მათი მომავალი წარმატების გარანტია“, — ამბობს დირექტორი.
მშობლები საუბრობენ, რომ ზოგჯერ უცხო გარემოში გადასვლისას ბავშვებს პრობლემებიც ექმნებათ.
„მახსოვს ჩვენს ბავშვობაში ხანდახან თათრებს გვეძახდნენ და თავიდან ცოტა ამრეზითაც გვიყურებდნენ“, — მეუბნებიან.
დღეს ასეთი დამოკიდებულება აღარ არის, მაგრამ ხანდახან მოსწავლეებს უჭირთ ახალ გარემოში დამკვიდრება.
ტურისტული პერსპექტივები
როგორც ზინობიანში გვეუბნებიან, უდებმა გადმოსახლებისას თან სალოცავი ნიში (ეველ) გადმოიტანეს, რომელიც ვართაშნის სალოცავ ,,წიმერიდან“ წამოღებული ქვის, მიწისა და ჯვრისგან შედგება. გადასახლებისას თავდაპირველი საცხოვრებლიდან ახალ საცხოვრებელში სალოცავი ნიშის გადატანა საერთო კავკასიური წესი იყო და ის ქართველთათვისაც იყო დამახასიათებელი. წიმერზე ყველა დიდ დღესასწულზე ადიოდნენ და სანთლებს ანთებდნენ.
ნიში გადმოსახლებისას სოფლის თავში, მთაზე დაიდგა. დღეს აქ წმინდა გიორგის ახალი ტაძარია. ტაძრისთვის მშენებლობა ერთმა ოჯახმა დააფინანსა.
ახალი ტაძარი და მისი მიდამოები შეკრების ადგილად იქცა, ზინობიელთა გარდა აქ მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებიც ადიან.
სოფლის ცენტრშიც, სკოლასთან ახალი ტაძარია.
პირველად რომ ვიყავი ზინობიანში, მაშინ სკოლაში მუზეუმიც იყო.
„მუზეუმი აქ აღარ არის, მისმა დამფუძნებელმა, მამული ნეშუმაშვილმა სახლში გადაიტანაო“, — მეუბნებიან.
მამული ნეშუმაშვილი აქაურია, უდიური ენის სახელმძღვანელობის ავტორი.
ადრე შევხვდით, ახლა „ჯანმრთელობა გაუუარესდა და სტუმრების მიღებას ერიდებაო“, — მეუბნება მეუღლე.
სამომავლოდ, ალბათ ეს მუზეუმიც შევა ზინობიანის ტურისტულ მარშრუტში.
„მოდი, ტბასაც გაჩვენებთ“, — მთავაზობს ანას დედა. ახლა ცხელა და ტბა დამშრალია, ორად არის გაყოფილი. სხვა დროს მაღალია წყლის დონე.
„სანამ ილიას ტბას მოაწყობდნენ, მეზობელი სოფლებიდან აქ საკმაოდ ბევრი ხალხი დადიოდა“, — მეუბნება მზია.
პატარა ბიჭუნები ახლაც ბანაობენ.
ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ზინობიანის ტბაც კარგ დასასვენებელ ადგილად შეიძლება იქცეს.
ტურისტების ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივმა სამზარეულომ. ღვინოს ყველა ოჯახში წურავენ.
აქაურთა განმარტებით, პურს ძველი ტრადიციის მიხედვით, დღესაც სახლში აცხობენ. აფუებულ ცომზე ჯვარს სახავენ, ქრისტიანობის სიმბოლოდ და ღმერთს ოჯახის მფარველობას სთხოვენ. ცომის გუნდებს სპეციალურად პურისთვის შეკერილ ბალიშზე, ,,დაფზე“, ათავსებენ და ისე აკრავენ თონეში. ის განსხვავდება სომხური ლავაშისგან და ქართული შოთისგანაც. სომხურთან შედარებით ცოტა სქელია. განსხვავებულია თონეებიც.
რაც შეეხება კერძებს, გასაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: ჭაინახუპი (ერბოს ფლავი), რომელიც წაბლის, ბრინჯის, ქიშმიშის და ქათმისაგან მზადდება. ასევე შილახუპი (შილაფლავი), ფახლიხუპი (ლობიო და ბრინჯი), ყაყაფუნი (კვერცხითა და პომიდვრით მომზადებული კერძი).
თემურ კიწბაბაშვილი გიდია. „თემურ უდინი“, — ასე უწერია ფეისბუკზეც. ცხოვრებით თბილისში ცხოვრობს, თუმცა კახეთში და ყვარელში ხშირად აქვს ტურები.
პანდემიის დროს მისი მშობლები და და ზინობიანში გადავიდნენ, როგორც თემური ამბობს: ფესვებს დაუბრუნდნენ.
„ჩვენს სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ჯერ ყურადღებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ძველი ალბანელების შთამომავლები ვართ. ძველი ქრისტიანები“, — გვეუბნება.
ის და მისი ოჯახი კვების ობიექტის გაკეთებას გეგმავენ: ქართული და უდური კერძებით გაუმასპინძლდებიან სტუმრებს.
სხვებიც ცდილობენ სასტუმროების, მარნების მოწყობას.
უდები ფიქრობენ, რომ ტურიზმიც გარკვეულ შემოსავალს მოუტანს სოფელს. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეწყობა იყოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან.
ალბათ ინფრასტრუქტურაც მოეწყობა და ტურისტული კომპანიებიც ჩასვამენ ამ სოფელს თავის ტურისტულ მარშრუტებში.
***
მეორე დღეს ზინობიანიდან ისევ 12 საათიან მიკროავტობუსს გამოვყევი. გზაში აღმოვაჩინე, რომ საწვიმარი დამრჩა. ეს ნიშანია იმისა, რომ ისევ უნდა დავბრუნდე.
„შელბაქა, ზინობიანო!“
რაც ნიშნავს: „ნახვამდის (კარგად იყავი), ზინობიანო!“