პატარა სოფლის სევდა
სხვისი ამბების ძებნა არ დამიწყია, ყველას საკუთარი იმდენი გვაქვს, სხვას არ მივადგებით სასესხებლად, სამეზობლოს გადავხედე, მომცეს ამის უფლება…
სტუდენტი ვიყავი, როცა გერმანიიდან დამირეკა ნათლიაჩემმა და მამის საფლავის მოვლა მთხოვა, უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი, სანაცვლოდ, ჩემი სტუდენტობის გამრავალფეროვნებას დამპირდა (პირობა ორივემ შევასრულეთ, საფლავს ბალახი არ მოდებია, მე გერმანული „სეილებით“ გავატარე სტუდენტობა და ეს „სასარგებლო შეთანხმება“ ძალიანაც მომწონდა). მაშინ ემიგრაციაზეც ძალიან ცოტა ვიცოდი. ბავშვობიდან მახსოვდა ამბავი, როგორ გაექცა საბჭოთა რეჟიმს ნათლიაჩემის მამა და ემიგრაციაში წავიდა, წლების შემდეგ დაბრუნდა და საქართველოში გარდაიცვალა. სამი შვილიდან (ნათლიაჩემიც), სამივე წავიდა საქართველოდან, ერთი ოჯახით ამერიკაში, დანარჩენი ორი გერმანიაში, საქართველოში მხოლოდ მამის ხავსმოდებული საფლავის ქვა დარჩა. მათ ეზოში ვიდექი, ხეებზე შემხმარ შინდს, ფანჯრებჩამსხვრეულ, სახურავჩამოქცეულ სახლს, კარებზე ამოსულ ბალახს ვუყურებდი და პატარა ქვეყნის, პატარა სოფლის ტრაგიკულ ამბავზე ვფიქრობდი.
ჩემი სოფელი, პატარა, 40 კომლიანი სოფელია, ვაკე ადგილას, საცხოვრებლად ძალიან მოსახერხებელი. თუ არ დაიზარებ, მშიერი რომ არ დარჩები კაცი, ისეთი. მაინც ვერ მოიგო ადამიანების გული – 40 სახლიდან, 20 დაკეტილი და ქალაქად გადასახლებული ოჯახია. ზაფხული მიყვარდა, ყველა დაკეტილი სახლი იღებოდა, ივსებოდა სოფელი. ბავშვი ვიყავი, უბრალოდ და მარტივად, ბედნიერი, ყველა ჩემი ზაფხულის მეგობარი ჩემთან იყო. მერე გავიზარდე და დავინახე, რომ:
სოფელი ახლაც დაცლილია, სოფლის ერთ უბანში (სულ ორია), ყველა ახალგაზრდა ქალი ემიგრაციის რთულ და დაუსრულებელ ფერხულში ჩაება, მათი რიცხვი სტატისტიკაა, მდგომარეობა და მიზანი სხვადასხვა, მიზეზი ერთნაირი-ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა. და როგორც ყველა პატარა, განვითარებად ქვეყანაში, აქაც ქალებმა აიღეს ოჯახის, მომავლის გადარჩენის მისია და დაადგნენ გზას იმ ქვეყნისკენ, მხოლოდ სახელი რომ გაეგონათ და ერთი-ორჯერ გეოგრაფიის გაკვეთილზე, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ამ ქვეყნის კონტური ჰქონდათ შემოხაზული. ახლა ამ ქვეყნის ბებიებს ვარცხნიან თმას, უცვლიან პამპერსს, ათასჯერ ახსენებენ საკუთარ სახელს, იმისთვის, რომ(ხშირად) საქართველოში დარჩენილი ქმრის მაღაზიაში ვალადაღებულ ლუდისთვის, შემთხვევით სტუდენტი შვილისთვის, მერე იმისი შვილისთვის გამოგზავნონ ფული. ხო, სანამ ფულის გამოგზავნამდე და მის გონივრულ, ან არაგონივრულ განაწილებამდე მივალთ, ჩემი იტალიაში, ამერიკაში, საბერძნეთში მცხოვრები მეზობლები მინდა გაგაცნოთ, სხვა განზრახვით და მიზნებით წასული მეზობლები:
– ვიცოდი, მომენატრებოდნენ, დარდი და ფიქრი მომკლავდა. ის უფრო მტკიოდა, ვერაფერს რომ ვერ ვუკეთებდი, ხელს ვერ ვაშველებდი, აბიტურიენტებს მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ქმარიც ემიგრაციაში იყო, უკრაინაში წავიდა, ათას საქმეს მოედო, ვერაფერი გააკეთა, ისევ მე უნდა ჩამეცვა ქალამნები შვილებისთვის. ასეთ მომენტებში საერთოდ არ ფიქრობ, რომ ეს წლები გაგრძელდება, შეიძლება, დაბრუნება საერთოდაც გაგიჭირდეს, ახლა, ამ მომენტში უნდა გადარჩე, რასაც სიცოცხლე მიეცი, კიდევ უნდა აცოცხლო, გზა მისცე. ყველა გზა მოვძებნე, გონებაში რამდენიმე წელი მიტრიალებდა, რომ აქედან უნდა გამეღწია. ძიძად ვმუშაობდი, სამსახურიდან დაბრუნებული, ხან ვქარგავდი და ვყიდდი, ხან ნამცხვრებს ვაბარებდი მაღაზიაში, არაფერი გამოვიდა, ვერაფერი შევძელი, ჩემი ნერვული სისტემა შეეწირა ამაზე დარდს.
– ჩემი დები საბერძნეთში ცხოვრობდნენ, დეიდაც, რომ დაინახეს ჩემი მდგომარეობა, ფული გამომიგზავნეს წასასვლელად, არალეგალურად წავედი, ავტობუსის საბარგულით, ოთხადმოკეცილი, უჰაეროდ, რამდენი ადამიანი შეწირვია გზას, მერე გავიგე, მაგრამ შიში არ მქონდა, შვილები მელოდნენ, ყელთან ისევ მათგან გამოყოლილ სითბოს და ცრემლს ვგრძნობდი, ახლაც მეტირება ამ განცდისგან, ექვსი წელია, ვერ გავთავისუფლდი ამ შეგრძნებებისგან, ალბათ, ესაა დედობა. ბევრგან ვიმუშავე, სამ ავადმყოფ ადამიანს ვუვლიდი ერთდროულად, პირადი ჰიგიენისთვისაც არ ვიტოვებდი ფულს, ბოლო ცენტამდე ვგზავნიდი შვილებთან. არც აქაა ეკომომიკურად გამართული ქვეყანა, ძალიან ცოტას გვიხდიან, ქანცგაცლილი ვბრუნდები სახლში. საბუთები ისევ არ მაქვს წესრიგში, პანდემიის პერიოდში, ორი თვე იმ ქალთან ჩავრჩი, ვისთანაც სახლს ვალაგებდი, არალეგალი ვერ გავიდოდი გარეთ, დამიჭერდნენ. რამდენჯერ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მომაკვდავი ექიმთანაც ვერ მივედი, ჯერ ვერ დავბრუნდები საქართველოში, ჯერ ჩემი შვილებისთვის ვერაფერი გავაკეთე. ლევანი ბევრს მუშაობს, რომ სახლი იყიდოს, პირობები შექმნას და სახლში დააბრუნოს დედა. გული მიჩუყდება, ძალიან მგრძნობიარე გავხდი, არ ვიცი, როგორი დავუბრუნდები ჩემს ოჯახს, ან თუ ჭირდებათ კიდევ დედა ჩემს შვილებს, ახლა ამაზე ფიქრი მკლავს, სხვა ხომ არ გავხდი მათ ცხოვრებაში? როგორ მინდოდა, ჩემს სახლში ვყოფილიყავი დიასახლისი, ჩემს ქვეყანაში შემექმნა რამე, აქ ცასაც სხვა ფერი აქვს, მაგრამ დაბრუნების და უმომავლობის შიში მაქვს, ქვეყანას გადავეჩვიე.
წავიდა…
– რომ წავიდა, იმ დღეს გავიზარდე, მივხვდი, რომ ბავშვობა დამთავრდა, ჩემს ძმაზე მზრუნველობა უნდა ამეღო. მამა რამდენიმე წლით ადრე წავიდა ამერიკაში, ცოტა რომ მოეწყო, დედაც წაიყვანა, მაშინ არ მესმოდა ემიგრაციის მნიშვნელობა, უკეთესი პირობების შექმნა უნდოდათ ჩვენთვის და წავიდნენ. „მალე ჩამოსვლა“ რამდენიმე წელს გაგრძელდა, მოთხოვნილებების სია ყოველდღიურად გრძელდებოდა და უსასრულო ხდებოდა. ცალ-ცალკე ძალიან განვიცდიდით ამ ამბავს, ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ მოვთხოვე უკან დაბრუნება, კატეგორიულად. არასდროს გვიყვებოდნენ იმ სირთულეებზე, რასაც იქ გადიოდნენ, ისევ ჩვენ გვიფრთხილდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუების მზრუნველობა არ გვაკლდა, მშობლებთან სიახლოვე გვენატრებოდა. რადენიმე წლის შემდეგ, დიდი ტრაგედია დატრიალდა, ჩემი ძმა, მშობლების გამოგზავნილი ფულებით გათამამებული, ნარკომომხმარებელი გახდა, რამაც მისი სიცოცხლე შეიწირა. განადგურებული მშობლები დამიბრუნდნენ, ფერშეცვლილები, სინდისის ქენჯნით. რამდენიმე ხნის შემდეგ, მამა უკან გაბრუნდა, თავისი საქმეები კარგად ჰქონდა აწყობილი.
დედამ ვერ გაუძლო ამ ტკივილს, გვერდიდან არ ვშორდებოდით, მარტო არ ვტოვებდით, მონასტერს შეაფარა ერთ ხანს თავი, მაგრამ შვილის დატოვების განცდას ვერ მოერია, მისი სიკვდილის მიზეზად თვლიდა თავს, რომ არ დამეტოვებინა, არ წავსულიყავი, დედის სითბო, მზრუნველობა არ მომეკლო, ცოცხალი მეყოლებოდაო. ძალიან ტკიოდა, ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი დაიცალა, მატერიალური სიკეთის ძებნამ, სხვა დიდი სიკეთეები წაგვართვა, ახლა რომ ვფიქრობ, არაფერი მიღირდა ამად, არც ის კაბა, ძალიან რომ მომწონდა და პირველ პაემანზე წავედი, არც ტელეფონი, უნივერსიტეტში პირველს რომ მქონდა, დედა მდომებია, ისეთივე ლამაზი და ცოცხალი.
მეგობართან ჩავედი სალონიკში (ისიც ჩემი სოფლის რძალია), მენატრებიო და ჩავედი, თვითონ წლებია ვერ ახერხებს ჩამოსვლას, ვერ მოაწესრიგა საბუთები. ორი კვირა ვიცხოვრე თითქმის ემიგრანტის ცხოვრებით. პატარა, 30 კვ.მ-იან ბინაში ცხოვრობს. მეძინა, როცა მიდიოდა სადარბაზოების, სახლების, სხვისი შვილების მოსავლელად (აქ თავისებს დედამთილი უვლის), მერე ქალაქში ვხვდებოდით ერთმანეთს, ცდილობდა, ჩემი იქ ყოფნა სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო. გამოუვიდა.
ემიგრანტები საქართველოდან:
ყველგან არიან, ბევრნი არიან, ყველა მაღაზიის გამყიდველად, მიმტანად, მომვლელად, მშენებლობაზე, ქუჩაში, არაფრისთვის… მცნობდნენ, მაშინვე ქართულად იწყებდნენ საუბარს. ზოგი ოცი წელია იქაა, შვილებმა არ იციან ქართული, ჩამოსვლა უნდათ, ვერ „გადადეს“ ფული, სხვა ქვეყანაც შეიყვარეს. ყველა ემიგრანტის უკან ისტორიაა, ადამიანური, მძიმე, მოლოდინებით სავსე. არავის უთქვამს, რომ დაბრუნება უნდათ, მიეჩვიენ, გაუცხოვდნენ, ადამიანური რესურსი სხვა ქვეყანაში დახარჯეს, მიზერულ ანაზღაურებად გაყიდეს ახალგაზრდობა, საკუთარი ოჯახებისთვისაც სხვები გახდნენ. არ ვიყოთ პათეტიკურები, ადამიანებს ვკარგავთ.
პოლიტიკა, დამოკიდებულება:
უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა, ბუნებრივია, ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე, წამოიჭრა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: დემოგრაფიული მდგომარეობის დამძიმება, კვალიფიციური კადრების გადინება და ინტელექტუალური პოტენციალის გაფლანგვა. კი, შეუქცევადი პროცესია მიგრაცია დღეს, გეთანხმებით, არც მხოლოდ ჩვენი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე და ვკითხულობთ, როგორია ამ დროს სახელმწიფო პოლიტიკა, გვინდა კი, დავიბრუნოთ მოქალაქეები, რომლებიც იქიდანაც კი ახერხებენ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას? ბოლო, 10 წლის განმავლობაში, 800 000 ადამიანი წავიდა საქართველოდან. 2016 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო მიზნობრივი პროგრამების განხორციელება საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების ხელშეწყობისათვის, განისაზღვრა ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმაც, მაგრამ სოციალური ფონი და ეკონომიკური მდგომარეობა იგივე რჩება, უცვლელია, ირინას, ანის, მარიამის, გიორგის ცხოვრების ისტორიაც და სანამ, ქმედებას და კონკრეტულ წინსვლას დაიწყებს ქვეყანა:
– მიფრინავენ
– სად?
– შორს…
– რამდენი?
– ბევრი..
– ერთი, ორი, სამი…
ავტორი: თამარ ჯავახიშვილი