მიგრაცია – ზემო იმერეთის სოფლების სატკივარი (ვიდეო)
ხორითი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.
2014 წლის მონაცემებით, ამ სოფელში 90 ოჯახი ცხოვრობდა. დღეს მოსახლეობის რაოდენობა განახევრებულია. სოფელში დაბოქლომებულ სახლებს მრავლად ნახავთ.
ხორითის დაცლის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მიწა მწირია; საოჯახო მეურნეობის გარდა დასაქმების სხვა შესაძლებლობა კი არ არის.
27 წელია, მანანა ღონღაძე სარგვეშის სკოლაში ასწავლის. ამ სკოლაში დღეს სულ 13 მოსწავლეა. მისი თქმით, მოსახლეობის სოფლიდან გადინება ათი წლის წინ დაიწყო. მისი შვილიც ემიგრაციაშია, რადგან მშობლიურ სოფელში შრომით ოჯახის რჩენა ვერ შეძლო.
ახლა ხორითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მანანა ღონღაძე, თანასოფლელთა მსგავსად, მომავალს იმედით უყურებს – ფიქრობს, რომ გზის აღდგენას სასიკეთო ცვლილება მოჰყვება.
70 წლის დემურ ნავაძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა ხორითის ოთხკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სარგვეშში გააგრძელა. მაშინ სკოლაში რამდენიმე პარალელური კლასი იყო და თითოეულში 35 მოსწავლე ირიცხებოდა. ის ამბობს, რომ სოფელში ახალგაზრდა ოჯახებისთვის სათანადო პირობები არ არის.
სოფლის დაცლის უმთავრეს მიზეზად 27 წლის ბექა მესხი დასაქმების უპერსპექტივობას ასახელებს. ის ამჟამად სარგვეშის სკოლაში მუშაობს.
არ მაქვს გადაწყვეტილი, შვილს სარგვეშის სკოლაში მივიყვან თუ არა, – ამბობს ბექა, – სოფელში არ არის ცეკვის, მუსიკის წრეები. ამიტომ, სადაც უკეთესი პირობები იქნება, იქ წავიყვან. ჩემი სახლიდან სკოლამდე შორია. ზამთარში სკოლის მიკროავტობუსის გადაადგილება გაჭირდება“.
„სარგვეშის თემის ორი სოფელი – ხორითი და მიროწმინდა ხანდაზმულ სოფლებს მიეკუთვნება, – ამბობს მერის წარმომადგენელი სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯემალ კალანდაძე, – სოფელში ბევრი მოსაგვარებელი საკითხია. ნელ-ნელა ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება.
სარგვეშში საბავშვო ბაღი ამოქმედდა. ეს იმედს გვაძლევს, რომ ახალგაზრდა ოჯახები აქედან აღარ წავლენ, რადგან მათი შვილები სკოლამდელ განათლებას ადგილზე მიიღებენ“. ხორითის მსგავსად, სოფლების დაცლის პრობლემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც აწუხებს. წლიდან წლამდე ფარცხნალში, წყალაფორეთში, ბუდიანეთში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად მცირდება.
დაბა ხარაგაულში1989 წლის მონაცემებით, 3119 ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს – 2880, 2014 წელს – 1965.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე ამბობს, რომ აუცილებელია მომავალმა ხელისუფლებამ სოფლებში მოსახლეობის დასაქმებაზე იზრუნოს. ის მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ცოდნის, ახალი ხედვების შესწავლა და სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მიგრაცია ძალიან მტკივნეული პროცესია და მის შესაჩერებლად ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამაა გასაკეთებელი.
„ამ კუთხით მოსახლეობის ჩართულობა თუ გაიზრდება, უკეთესია, – ამბობს თემურ ჩხეიძე, – უნდა გავიზიაროთ მოქალაქეების აზრი, თუ როგორ გადავჭრათ კონკრეტული პრობლემები“.
თამარ ჩხიკვაძე