Nino Vartapetiani. A village that lost its inhabitants twice

by borjomi.tv

ციხისჯვარი – პანდემიის გამო ორმაგად დაცლილი სოფელი ბორჯომიდან

ბორჯომიდან 40 კილომეტრი უნდა გაიაროთ, რომ სოფელ ციხისჯვარში მოხვდეთ. ეთნიკური ბერძნებით დასახლებული სოფელი ბაკურიანის მიმდებარედაა. შესასვლელთან არსებული ეს აბრა „გესალმებათ“ და გეუბნებათ „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, თუმცა დიდი ხანია ეს გზა სოფლის მიმართულებით აღარავის გაუვლია. 




სოფლის ზღურბლიდანვე იგრძნობა როგორი მიტოვებულია აქაურობა, ჩუმი და ხალხისგან დაცლილი.  ქუჩებში დავდივართ და ხალხს ვეძებთ. ადამიანები თითქმის არ ჩანან. პირველი რაც თვალში გვხვდება მიტოვებული სახლებია, ბოქლომდადებული და ხავსმოდებული. ზოგი ნახევრად ჩამოშლილი და დანგრეული.

 

 




ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, აქ მცხოვრებმა ეთნიკურმა ბერძნებმა მშობლიური სოფელი დატოვეს და სამუშაოდ საბერძნეთში გაემგზავრნენ. ადრე თუ ოჯახიდან თითო-ოროლა მიდიოდა, ახლა ხალხი მთელი ოჯახითაა გადასული საცხოვრებლად. პირობები იქ მოიწყეს და ციხისჯვარში მხოლოდ ზაფხულობით დროებით ბრუნდებიან… თუმცა, პანდემიურმა წლებმა, სოფელს მძიმე კვალი დაატყო. შრომითი მიგრაციის და ვირუსის გამო ციხისჯვარი ფაქტობრივად დაცარიელდა.

„სოფელში ძირითადად მოხუცები დარჩნენ. ზოგიერთ სახლში ერთი მოხუცია, ზოგში ორი. ციხისჯვარში 600 სახლი დგას, თუმცა ზამთარში 97 სახლი იყო ისეთი, რომლის კარი იყო ღია, სადაც ხალხის ხმა ისმოდა. მოსახლეობის 10% -იც კი აღარ არის დარჩენილი აქ. გასულ ზაფხულს უფრო უარესი მდგომარეობა იყო. საერთოდ არავინ ჩამოვიდა ციხისჯვარში. ამ ზაფხულს დაახლოებით 50-60 ოჯახი დაბრუნდა დროებით. ბავშვებიც თითქმის არ არიან. თავის დროზე სკოლაში 400-500 მოსწავლე ირიცხებოდა, ახლა კი საერთო ჯამში ალბათ 40 მოსწავლე იქნება დარჩენილი. პანდემია ძალიან შეეტყო ჩვენ სოფელს“ – გვეუბნება გულდაწყვეტით მერაბ გოგოლაძე, რომელიც თან საქმეშია ჩართული და თან გვიყვება სოფლის ამბებს.




ბატონი მერაბის შემდეგ გზას ვაგრძელებთ. ადამიანების გამოჩენა გვახარებს, ზოგიერთის ფუსფუსი სახლის ეზოდან გვესმის. გვსურს ინტერვიუზე დავითანხმოთ, თუმცა უმრავლესობას არც გამოჩენა სურს და არც საუბარი. ყველა სახლთან ვჩერდებით. სადაც სარეცხია გაფენილი ან ადამიანის კვალი იგრძნობა, ესე იგი იმ სახლში ცხოვრობენ, იმედით ვივსებით და ვცდილობთ გამოვეხმაუროთ.





ასე კარდაკარ სიარულში, ერთ-ერთ სახლს მივადექით, ქალების ხმა ისმის… სამზარეულოში ნათესავები, მეზობლები, ახლობლები ერთად შეკრებილან და საწებელს ამზადებენ, ზამთრისთვის ემზადებიან. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები სოფელში მუდმივად მცხოვრებლები არიან. 47 წლის ქსენია თოსუნოვა დაბადებიდან ციხისჯვარში ცხოვრობს. ოჯახში მეუღლე და შვილები ჰყავს. სამუშაოდ საბერძნეთში თავად არ წასულა, თუმცა იქ ჰყავს დედა, ძმა, რძალი და იქ ხანდახან მათ მოსანახულებლად მიდის. გასულ წელს, თებერვალში ინახულა შრომით მიგრაციაში წასული ოჯახის წევრები, მერე პანდემია დაიწყო და დროებით მათთან ერთად ჩაიკეტა. უკან დაბრუნება ზაფხულში შეძლო. გვიყვება, როგორი რთული იყო კრიზისული პერიოდი საბერძნეთშიც.

„კოვიდპანდემიის დროს საბერძენთშიც გაუჭირდა ხალხს. დაიკეტა ყველაფერი, სამსახურები აღარ იყო. ჩემი ძმა ქარხანაში მუშაობს და იმ დროს ოჯახის შენახვა გაუჭირდა. ეკონომიკურად რთული პერიოდი იყო. პანდემიამდე ხალხი დასაქმებული იყო. ვინც იქ მიდის, რა თქმა უნდა ყველა წვალობს, კაბინეტში არავინ ზის“ – გვიყვება კოვიდკრიზისულ პერიოდს ქსენია თოსუნოვა.




ამბობს, რომ ნელ-ნელა ვითარება დასტაბილურდა საბერძნეთშიც. ემიგრანტებმა განაახლეს მუშაობა, კვლავ დაიწყო ფუნქციონირება კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებმა. თუმცა, ციხისჯვარში დაბრუნება უმრავლესობამ ვერ შეძლო. ზაფხულობით ჩამოსვლის ტრადიცია პანდემიამ დაარღვია. ქსენიას სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ისინიც უფროსებთან ერთად სახლში იმყოფებიან. გარეთ თანატოლები არ ჰყავთ, ვერ თამაშობენ. საჭიროების შემთხვევაში, უფროსებს ეხმარებიან ოჯახის საქმეებში.



თოსუნოვების შემდეგ, მეზობელ სახლს მივადექით. მასპინძელმა შეგვნიშნა და ეზოში შეგვიპატიჟა. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონისთვის რომ ეს ოჯახიც მზად არის, კარ-მიდამოს ეტყობა. ჩურჩხელები თათარაში უკვე ამოვლებულია და აივანზე გასაშრობად არის გაფენილი. 




ამ ოჯახში, სარდაფი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია. სხვადასხვა ზომის ქილები თანაბრად არის ჩაწიკწიკებული. აქ, რას არ იპოვით… მწნილებს, კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს… ყველაფერი საკუთარი ხელით აქვს დამზადებული 73 წლის ნათელა ბუცხრიკიძე-პანაეტოვას. 





ნათელა ბუცხრიკიძე-პანაეტოვი 20 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა. ციხისჯვარში კი სწორედ კოვიდპანდემიის დროს, გასულ წელს დაბრუნდა. 45 წლის იყო, როდესაც საკუთარი სახლი დატოვა სოფელში და შრომით მიგრაციაში წავიდა. მუშაობა ბავშვის აღმზრდელად დაიწყო. ოჯახში ორი წლის პატარა ჩაიბარა და მთელი ეს წლები მასზე ზრუნავდა. ჩვილთან ერთად გვერდით ჰყავდა თავისი შვილებიც, გოგო და ბიჭი. მეუღლე საბერძნეთში არ გაუჩერდა, სამუშაო პირობები დაუწუნა და საქართველოში გამოექცა, თავად კი ქონების დაგროვება დაიწყო და კაპიკს-კაპიკზე ამატებდა, რომ ეკონომიკურად სტაბილური ყოფილიყო…

ამასობაში შვილებიც გაზარდა და ჩაბარებული ბავშვიც. თუმცა, მის ცხოვრებაში ტრაგიკული ამბავი მოხდა. შვილი საბერძნეთშივე გარდაეცვალა და იქვე დაკრძალა. ახლა მისი გადმოსვენება საქართველოში მშობლიურ მიწაზე სურს. მეორე შვილი გათხოვილი ჰყავს და ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს, შვილებთან ერთად. დედას ზაფხულობით სტუმრობს. ყოველდღიურად კი ტელეფონით ესაუბრება.

ნათელა ბებო საქართველოში გასულ წელს, პანდემიის დაწყებისას ჩამოვიდა. წლების მანძილზე დაგროვილი თანხით ციხისჯვარში სახლი შეიძინა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. ეზოში მიწის ნაკვეთიც აქვს, სადაც კარტოფილი მოჰყავს. დათესილი აქვს მწვანილი და ყველაფერს თავად უვლის, მეუღლის დახმარებით. მოწყობილ სახლ-კარს სიხარულით გვათვალიერებინებს და თავის ისტორიას გულითადად გვიყვება. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში 20 წელი იცხოვრა, ნათელა ბებოს ქართული ენა არ დავიწყებია.

„გასულ წელს, პანდემია რომ დაიწყო, ვიფიქრე რომ საქართველოში დაბრუნება უკეთესი იქნებოდა. საბერძნეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, არ ვიცი იქ როგორ ვიქნებოდი და ვიფიქრე ჩემ ციხისჯვარში, სუფთა ჰაერზე ყოფნა არ მირჩევნია-მეთქი… თვითმფრინავით წამოვედი, ბილეთები მაშინ ძალიან ძვირი ღირდა, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა დაბრუნება და უკან არ დავიხიე. ახლა ჩემ მშობლიურ სოფელში ვარ, აქაურობა ისე მიყვარს, ყველა კუთხე-კუნჭულს მირჩევნია. საბერძნეთში მხოლოდ წელიწადში ორჯერ თუ წავალ შვილის საფლავზე. ძალიან მინდა აქ გადმოვასვენო და ამას აუცილებლად ვიზამ. ჩემი გოგო, შვილებთან ერთად ზაფხულობით ჩამომდის. შვილიშვილებს ისე უყვართ სოფელი, რომ რამდენიმე წელიწადში ისინიც აპირებენ აქეთ გადმოსვლას. ახლა ჩემ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, ვუვლი მიწის ნაკვეთს, კარტოფილი მომყავს, სასუქს არ ვუკეთებ, ოჯახში ნატურალური პროდუქტით ვიკვებებით, ვუვლით საქონელს და კმაყოფილები ვართ. ჩემ ციხისჯვარს არაფერი სჯობს“ – გვეუბნება ნათელა ბებო.




ნათელა ბებო გამონაკლისია მათ შორის, ვინც პანდემიის დროს მშობლიურ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად გლობალური კრიზისისა, ემიგრანტებმა მაინც სხვა ქვეყანაში არჩიეს დარჩენა და მუშაობის გაგრძელება. წელს ზაფხულში ვინც დროებით სოფელში დაბრუნდა აბრაამ სევასტოვია. საბერძნეთში შვილებთან ერთად ცხოვრობს, თავად პენსიონერია. ციხისჯვარში გარდაცვლილი მეუღლის გამო ჩამოვიდა. მისი საფლავისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა, როცა გზად შემოგვხვდა. ქართული ენა კარგად არ ესმოდა, თუმცა როგორღაც გავაგებინეთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ციხისჯვარში მოსახლეობის ნაწილს ქართული სიტყვები თითქმის მივიწყებული აქვს. უმრავლესობა „დამტვრეული“ ქართულით ცდილობს საუბარს.

82 წლის აბრაამი ჩვენთან საუბრის გამო უკან, სახლში ბრუნდება. ეზოს კარს გვიღებს და ორსართულიან „მდუმარე“ სახლში გვეპატიჟება. ინტერვიუს ჩაწერას იქ ვაგრძელებთ. გვიყვება, რომ საქართველოში თვითმფრინავით წამოვიდა, თუმცა მგზავრობა პანდემიის გამო ისეთივე მარტივი აღარ იყო, როგორც აქამდე. საბერძნეთში მისი შვილები მუშაობენ. თავად კი მათთან ერთად ცხოვრობს. პანდემიურ კრიზისსაც იხსენებს და გვეუბნება, რომ დასაქმების პრობლემა როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთში იყო.

„ყველაფერი გაჩერებული იყო. დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები. ხალხს აღარ იღებდნენ სამსახურებში და ძალიან რთული დრო იყო. ცხოვრება მარტივი არც იქ არ არის. აქ ახლა ზაფხულში დროებით, მეუღლის საფლავის გამო ჩამოვედი, მალე ისევ საბერძნეთში ჩემ შვილებთან დავბრუნდები“ – ამბობს აბრაამ სევასტოვი.




აბრაამის მსგავსად, საბერძნეთში ბრუნდება ყველა ის ემიგრანტი, რომელმაც წელს ზაფხულში დროებით შეძლო ციხისჯვარში ჩამოსვლა. სოფელში დარჩენა მათ გეგმებში არანაირად არ შედის. ჭირია თუ ლხინი, მაინც სხვა ქვეყანაში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას შრომით ემიგრაციაში წასული ოჯახები. სოფელი რომელიც გასულ წლებში ზაფხულობით შედარებით ხმაურიანი იყო, ბოლო ორი წელია პანდემიის გამო აქ სიჩუმემ დაისადგურა. 





ადგილზე და დროში გაყინული სახლები, წლიდან წლამდე პატრონების მოლოდინშია. ასეთი სევდიანია ციხისჯვრის ყოველდღიურობა. სოფლის, სადაც მუდმივად მცირდება ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობა. ამ მიწა-წყალზე გაზრდილ ხალხს კი ეს გზა ყოველთვის „გზა მშვიდობისას“ უსურვებს. 





„სამწუხაროდ, აქედან ვინც მიდის, უკან აღარავინ ბრუნდება“ – ქსენია თოსუნოვა, ციხისჯვრის მკვიდრი.

borjomi.tv

Total
0
Shares