Это отрывок из фильма ужасов” – записи из эмиграции.
„ეს არის ნაწყვეტი საშინელებათა ფილმიდან“ – ჩანაწერები ემიგრაციიდან
ადამიანები ცდილობენ გაექცნენ აქაურ სიდუხჭირეს და როდესაც საქართველოს „ზღურბლს“ გასცდებიან, სხვა რეალობის წინაშე დგებიან. მათი უმრავლესობა, იმ საშინელებათა ფილმის პერსონაჟები ხდებიან, რომლებსაც აქამდე ტელევიზორში ან ინტერნეტში უყურებდნენ. განცდები, მომავლის შიშები, უძილო ღამეები, მათი ყოველდღიურობა ხდება. ემოციურ ფონს ემატება ის დამოკიდებულებაც, რაც საზღვარგარეთ მყოფი ქალების მიმართ თითქმის ყოველდღიურად გამოიხატება.
ქეთევან ხიდაშელი ერთ-ერთი ემიგრანტია. მან საკუთარი ემიგრაციის თავგადასავალი და განცდები ფურცელზე გადაიტანა და ჩანაწერებად აქცია. პირველ რიგში გვიყვება საკუთარ ისტორიას, შემდეგ სხვებისას გვიზიარებს.
„მე ჩემი ისტორიით დავიწყებ…შვიდი თვეა აქ ვარ, იტალიაში. კორონავირუსი ყველაზე ნაკლებად მაშინებს და მადარდებს, ყოველდღე სტრესული სიტუაცია უფრო რთული აღმოჩნდა ემიგრაციის დასაწყისში. მე წამოვედი იმისთვის, რომ შრომით (უმძიმესი) მომეპოვებინა ანაზღაურება, მეგონა აქ დამხვდური მეტად გამოცდილი ქართველები ახალბედებს გვერდით უდგანან, ამხნევებენ, პირველ ნაბიჯებს უმსუბუქებენ, მაგრამ რა დამხვდა აქ ? ქართველები, რომელთა უმრავლესობამაც დაკარგა მთავარი რამ, ცხოვრების და სიცოცხლის არსი, ღერძი, შუბლის ძარღვი. მხოლოდ ფულია მიზანი, ფული კი არის საშუალება, მიაღწიო სიმშვიდესა და კეთილდღეობას და არა პირიქით, დათმო ეს ყველაფერი ფულის სანაცვლოდ” – ქეთევანი.
საცხოვრებელი პირობები
„ერთი ძალიან პატარა ოთახი გვაქვს, სადაც 2 ორსართულიანი საწოლი დგას, ღამით ვერ ვიძინებთ, იმდენად უჰაერობაა, სახლში კიდევ დიასახლისი, მისი ქმარი და შვილი ცხოვრობს. კიდევ ორი ძაღლია, ოჯახის წევრებს უყვართ, მაგრამ მასზე ზრუნვით დიდად თავს არ იწუხებენ. ძაღლები ძირითადად სულ სახლში ისაქმებენ ხოლმე, რასაც ლელა (ემიგრანტი) მუდმივად აპროტესტებს. ამის გამო სახლის პატრონმა ლელა შეიძულა. ლელას უყვარს ძაღლები, მაგრამ არა სახლში, სადაც იმდენად სივიწროვეა ხოლმე, რომ ადამიანებსაც კი გვიჭირს თანაცხოვრება. ლელა კარგი ქალია, გულღია, სულ მეგრულად საუბრობს ტელეფონზე, ცოტა გამაღიზიანებელი კი არის, მაგრამ აქ, ამ სიტუაციაში ადამიანებს გვმართებს ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ.
ჩვენ არ ვიცით რა გველოდება, ისიც კი არ ვიცით, ოდესმე თუ გვეღირსება ჩვენს ოჯახებში დაბრუნება.
ისიც კი არ ვიცით ჩავეხუტებით თუ არა ჩვენს შვილებს ისევ. ვერ ვძღებით ჩვენს შვილებთან ლაპარაკით“ – ქეთევანი.
ემიგრანტებისთვის სამუშაოს პოვნა საზღვარგარეთ საკმაოდ რთულია, მითუმეტეს მაშინ როცა იქ არალეგალურად იმყოფებიან, არ იციან იმ ქვეყნის ენა, არავის იცნობენ და ვერავის სთხოვენ დახმარებას… რჩებიან ბედის და ღმერთის ანაბარად! სამუშაოს მაძიებლები თვეობით იცდიან, იხდიან ქირას, რაც დამატებითი ხარჯია, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. ძალიან ცოტაა, ვინც სამსახურებს არ ჰყიდის. სამსახურის პოვნა კი ხშირ შემთხვევაში ერთი თვის ხელფასს უტოდება. საქართველოში დატოვებულ ოჯახებს წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, თუ რისი გადატანა უწევთ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ადამიანებს.
„აქ ბევრი ქალი გავიცანი, ყვებიან თავიანთ ისტორიებს და გული მეკუმშება“… გვეუბნება ქეთევან ხიდაშელი, რომელიც ემიგრაციაში ასევე საკუთარი ოჯახის დახმარების მიზნით წავიდა. გვიყვება მაკას ისტორიას.
„მაკა, უკვე ერთი თვეა გავიდა სამსახურში. ვალი აქვს დიასახლისის. ის კი დამცინავად “საკალლებს” ეძახის აქ სამუშაოდ ჩამოსულ ქალებს, ხშირად “საშუარზე ჩამოსულ” სოფლელებად მოიხსენიებს, რაზეც ხშირად გვიჩხუბია ხოლმე“
მოყოლას თათას ამბით აგრძელებს.
„პატარა თათა გაუტეხია აქაურ შრომას, დარდს. ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებზეა. რვა თვის ჩამოსულია და მის ნატანჯ სახეს ვერ ვუყურებდი ხოლმე. ერთ საღამოს შუბლგატეხილი მოვიდა. სისხლი სდიოდა, გავითიშეო და თავით შევასკდი ბოძსო, შეშინებული იყო, არაფერი არ მახსოვდაო…. ვკითხე, რატომ შენებს არ აგებინებ ასე ცუდად რომ ხართქო. არაო, ვერ ვანერვიულებ შვილებს“…
თბილად მოიხსენიებს თინიკოს
”თინიკო უკეთილშობილესი ქალია. მართლა გულით რომ სწამს, მასში ერთი მისხალი ბოროტება არ არის“
ასეთია ყოველდღიური დაძაბულობა სახლში, სადაც ემიგრანტი ქალები მუშაობენ:
„დილიდან ისმის დიასახლისის ჩხუბის ხმა
– სარეცხი ფხვნილის კოლოფს აკლია ფხვნილი,
– ბრინჯი მომპარეს,
– ერთი მუჭა ლობიო მომპარეს,
– გარეთ ნუ გადიხართ,
– ღვინო მომიტანეთ,
– ერთი ფირფიტა კორსიზი მინდა….
– ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ,
– კარი ფრთხილად დაკეტეთ,
– სააბაზანოში ცხელი წყალი არ გამოიყენოთ,
– ლობიოს ნუ ხარშავთ, გაზი იწვება,
– მაგიდაზე ხელს ნუ უსვამ, სიღარიბე იცის….
– თეთრეული ჩამოხსენი…
– უი სად დადე, აქ ვირუსებია,
– ფეხსაცმელი გაიხადეთ,
კოლოფში ჩადეთ, აივანზე დააწყეთ,
– სარეცხი უჩემოდ არ გარეცხოთ,
-აივანზე საჭმელი არ შეინახოთ,
_ გარეთ არ გახვიდეთ,
– სათითაოდ იარეთ,
– აივნის კარი ჩაკეტეთ,
– ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ, – ტელეფონზე ნუ ლაპარაკობთ….
-ქირა მომეცით,
-ეს ჩემი სახლია, ესენი არიან მტაცებლები, გაუნათლებელი ხეპრეები, ღორები, ბინძურები…
_მე მინდა რომ ჩემს გვერდით იდგე,
-შენ ვინ ხარ?
– შენ აქ არავინ არ ხარ,
-მე ვარ პრივილეგირებული, – მე შენზე მეტი ვიცი, მე 15 წელია აქ ვარ,
_ვიღაც მოხუცს ცემს, ავადმყოფ ალცაიმერიან მოხუცს,
_ხალხი აქ გიჟდება…. _მოქმედებს შენელებული ნაღმი,
_სიგიჟის ნაღმი….
ღამეა, ყველას ძინავს, დიასახლისმაც დაიძინა, ყველას მშვიდად ძინავს ეს ამ სახლში იშვიათობაა, ყველას ძინავს.
ეს არის ნაწყვეტი საშინელებათა ფილმიდან, ქუჩა xxxx, ქალაქი xxxxx. სრული საგიჟეთი, სადაც ათი ადამიანი ცხოვრობს, შვიდი ერთ პატარა ოთახში და სამი ერთ მოზრდილ ოთახში, ჰოდა კიდევ ორი დიდი ძაღლი.
დილაა, არცერთი ადგომას არ აპირებს, ვირუსის შიშით დათრგუნულებს აღარც ჭამა გვინდა, აღარც ძილი და აღარც სიცოცხლე. ვის როგორ ესმის ეს საშიში მდგომარეობა, ვის ესმის რა არის ადამიანობა, ვირუსი არ ასხვავებს ადამიანებს, ვინ ვინაა….ვინ არის “ზეოჯახიდან,” ვინ სოფლიდან, ვინ სამეფო გვარისა, ვინ მხატვარი, ვინ პენსიონერი, ვინ ექიმი. კორონა არის მიკრობიოლოგიური ვირუსი, რომელსაც შეუძლია ხუთი მეტრის რადიუსზე მიწვდეს ყველას.
ჩვენც ერთი კლასტერი ვართ ქალაქი xxxxx, ქუჩა xxxx.. დიასახლისი ყოველ დილით სამსახურში მიდის და საღამოს უკან ბრუნდება. ბრუნდება ინფორმაციით, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი დაინფიცირდა. … მას ეშინია, ეშინის ვირუსის.
ჩემი შვილებისთვის ხორცებს ავითლი, მინდა ვიცოდე რა მელოდება, ყოველდღე გამოვცდი საკუთარ თავს, რამდენის ატანა შემიძლია… რამდენის სანაცვლოდ ….. ქალები, ოჯახის ქალები, უბრალო ქალები, საყვარელი ქალები, შრომა სწყურიათ შვილებს სჭირდებათ, იტანენ, ცრემლებს ხან ყლაპავენ, ხანაც მალავენ.
ღამის 3 საათია, მოულოდნელად იწყება საქმის გარჩევა, ისმის ყვირილი: ვინ ჩამოხსნა სველი თეთრეული…. მთელი დღე ნამუშევარი, ძლივს ჩაძინებული, დარდიანი ქალები იღვიძებენ, იწყებენ თავის მართლებას, ღამეში 8 ევროს გადახდაც უწევთ, დათვლილი საპირფარეშოში შესვლა-გამოსვლის სანაცვლოდ, სამზარეულოში დათვლილი წუთების სანაცვლოდ… დილამდე 7 ქალის ამონასუნთქის სუნთქვის სანაცვლოდ. ვნატრობ მოხუც ბებოსთან ვიყო, თუნდაც ალცჰაიმერიანთან. ბებოები მეცოდებიან, მინდა მათ კალთაში თავი ჩავდო და ვიქვითინო, ისინი ყველაზე გულწრფელები არიან, არაფერი ახსოვთ, მე მიყვარს გულწრფელი გონდაკარგული ბებოები, მათგან არაფერი არ გეწყინება, ყოველ დილით, ყოველ საღამოს შეხედავ და მათ თვალებში მხოლოდ ერთი წამია….ერთი წამის ისტორიას თუ დაიტევს მათი გონება, მაგრამ იმ ერთ წამშია ჩატეული მათი გულწრფელობა, სიხარული თუ,სევდა…
რაც ჩამოსული ვარ, დღეს პირველად ამოხეთქა ცრემლებმა და სათქმელმა ერთად.. ასეთია ჩემი ემიგრაციული ცხოვრების პირველი თვეები“ – გვიყვება საკუთარ ჩანაწერებში ქეთევან ხიდაშელი.
ასეთ გაუსაძლის პირობებში ქეთევანმა 5 თვე გაატარა. მთელი ამ ხნის მანძილზე, საკუთარი თავი, საშინელებათა ფილმის პერსონაჟი ეგონა და ამ ყველაფერს საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი ოჯახისთვის ითმენდა. ხუთთვიანი ტანჯვის შემდეგ, თავი დააღწია ჩრდილოეთ იტალიას და სამხრეთ იტალიის ქალაქ პალმში გადავიდა. თავგადასავლები აქაც მრავლად აქვს.
ქეთევანმა სხვა ქართველი ქალები აქაც გაიცნო. ემიგრაციამ ამ ადამიანებს დაამეგობრა. გვიყვება პატარა გოგოს – ნინოს და იმ დამოკიდებულების შესახებ, რაც მის მიმართ უსაფუძვლოდ გამოიხატება, საზოგადოების მხრიდან. ეს ყველაფერი კი სტერეოტიპების გამო,
„პატარა გოგო ნინო, მიყვება თავის ისტორიას. თბილ, მოსიყვსრულე ოჯახში გაზრდილა , მისთვის უცხო იყო ჩხუბი, ყვირილი, გინება. დაქორწინდა და ბედნიერების ნაცვლად ჯოჯოხეთი გაიარა. მცირეწლოვანი შვილებით სახლში მობრუნდა. დედა გარდაეცვალა, მამა გვერდით დაუდგა, თუმცა სოციუმიდან, სადაც ცხოვრობდა, მუდმივად განიცდიდა ფარულ ჩაგვრას, აგონებდნენ, რომ ქმარგაშორებულმა ქალმა, რომელმაც “კაცის გემო” იცის, რაღა გააჩერებსო. ნინო თავს დაბლა ხრის, ცრემლებს იკავებს და მეუბნება 34 წლისაა, ქმარს 8 წელია გაშორებულია და არც კი უფიქრია, რომ თავის პირად ცხოვრებაზე იზრუნოს. არადა რა არის ამაში ცუდი? მაგრამ არა, ასეთ ქცევას საქართველოში არ გაპატიებენ. ნინო ცქრიალა გოგოა, იტალიაში, ქ. პალმში ბებოს უვლის. საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტა. ამბობს, 3 წლის დავტოვე პატარა და უკვე 6 წლისააო, გაუცხოვება აქვს დაწყებული და სანამ სულ დავავიწყდები უნდა ჩავიდეო. მოკლე შორტებიან ნინოს მეორე ქალი ეუბნება, საქართველოში სოფელში მაგ შორტებით ნუ ჩახვალო, არადა ძალიან უხდება. ნინომ თანხა დააგროვა, ბავშვს სჭირდება ოპერაცია, 3 წელი ძლივს გავძელი შვილების გარეშე, არადა რომ ჩავა თავის მართლება მოუწევს თამამი ჩაცმულობის გამო. იმის გამო, რომ მოვლილია და ძალიან კარგად გამოიყურება. ხვდება, რომ არავინ დაუჯერებს ეს სამი წელი, რაც იტალიაშია სხვა კაცისკენ არ გაუხედავს. მიუხედავად ამისა, თავის მართლება მაინც მოუწევს…..ოღონდ რის გამო, არ იცის“….
სამხრეთ იტალიაში გადასულ ქეთევანს როგორც იქნა გაუმართლა, ბედმა მასაც გაუღიმა და კარგ ოჯახში მოხვდა, სადაც მიიღეს და შეიყვარეს! ახლა თავს ადამიანად გრძნობს… დეტალურად გვიყვება ამ ოჯახში მისვლის ამბავს.
„უკვე ღამის 2 საათია, გარეთ გრილა. ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი, ეს ცა ჩემი ეზოდანაც ზუსტად ასევე ჩანს.
ჩემი შვილების ფეისბუქი ისევ მწვანედ ანათებს.
დილით 9 საათზე ისევ ახალ ოჯახში შევდივარ. აქვე პალმში.
განცდები, მომავლის შიშები, უძილობა…
მაღვიძარას 8-ის ნახევარზე ვაყენებ.
მთელი ღამე გავათენე იმაზე ფიქრში, ვისთან მომიწევდა ცხოვრება. დილის 9 საათზე დათქმულ ადგილას ტიპიური ემიგრანტის ვიზუალით, ჩემოდნით ხელში, უკვე ადგილზე ვიყავი. 5 წუთი გავიდა და ჩემს წინ მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა ახალგაზრდა ქალი, გამეცნო, ჩემოდანი ჩამომართვა და მანქანაში ჩამსვა, ბევრი არ გვივლია და სახლშიც მივედით…
ჩემი პირველი რეაქცია იყო შთამბეჭდავი, ბაბუა ცისფერთვალება, გამხდარი, 88 წლის კაცი, პარკინსონით, მიღიმის და მესალმება. ბებიაც , თუმცა მთლად ბებიასაც ვერ ვუწოდებ, გამხდარი, ჭაღარა და პირმცინარი მხვდება. სახლი სადად, კულტურულად მოწყობილი. მისაღები ოთახი სავსეა წიგნებით. ვხვდები, რომ განათლებულ ხალხში მოვხვდი. ბაბუას ლელო ქვია, ბებიას ლინა, შვილებს ფრანჩესკა,ალექსანდრა და მარიაროზა.
უკვე ორი თვე გავიდა რაც აქ ვარ, მხოლოდ პატივისცემას და დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან. მუდმივად ზრუნავენ რომ ადაპტაცია კარგად გავიარო. ენის ბარიერის დაძლევაშიც მეხმარებიან, თავს ადამიანად ვგრძნობ… ოთახი, რომელიც მომცეს, დიდი და ნათელია, თბილი, ძველებური რკინის საწოლით, ძველებური დიდსარკიანი კარადით და კომოდით.
მე გამიმართლა!
შემიყვარეს, მიმიღეს და მეც მივიღე ისინი.
ნელ-ნელა ვაცნობ ჩემს თავს, ვაცნობ საქართველოში ჩემს საქმიანობას, ვაცნობ ჩემს შვილებს, მეუღლეს, ჩემს ძმას, მის ოჯახს. ისინი ჩემით ამაყობენ და მე ეს ძალიან მახარებს.
მომვლელის მოვალეობასაც იგივე სიყვარულით ვასრულებ, როგორც ჩემს ოფისში, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ჩემი ახალი ოჯახი “დოლჩე სინიორას” მეძახის. არადა სულ მიკვირს, 13 წელი გავატარე იქ, უამრავი კარგი საქმე გავაკეთე და სიყვარული დავთესე და თავის შეყვარებას ვინ დაეძებს, სიძულვილით მიპასუხეს.
სიმართლე სინათლეაო ნათქვამია და ალბათ ოდესმე იქაც განათდება, იმდენად მაინც, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ფასი ვისწავლოთ.
აქ, ამ პატარა ქალაქში ახლა 6 ქართველი ვართ. პირველი მე ჩამოვედი, დანარჩენებს გზა გავუკვალე, ყველა საბუთის გასაკეთებლად ჩამოვედით. იქ XXX ქალაქში ყველანი ერთ სახლში ვცხოვრობდით. აქედან ერთი, ლელა, სოხუმელი ლტოლვილი ფსიქოლოგიურად იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, ოჯახმა ბილეთი აუღო და საქართველოში დააბრუნეს, დღემდე მკურნალობენ…
მისი მული მაია ბარში მუშაობს, ნორმალურ ოჯახში მოხვდა.
ლიკა, რომელსაც იტალიაში ყოფნის დროს ქმარი გარდარცვალა, დაკრძალვაზეც კი ვერ ჩავიდა კარანტინის გამო, ქმარი ნორმალურად ვერც კი გამოიგლოვა. ისიც სამხრეთის გზას დაადგა. მუშაობს სამ მოხუცთან, რომელთაგანაც სამივე ალცაიმერია. ლიკას უწევს გაუმკლავდეს სამ ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანს.
ნანა 20 დღე უვლიდა უმძიმეს ავადმყოფს, რომელიც ზეზეულად იხრწნებოდა, ყოველ დარეკვაზე, ნანას ვატყობდი მისი ჯანმრთელობაც არ იყო სახარბიელო. გარდაიცვალა ბებია და ნანა სხვა სამსახურში მივიდა. მთაში, სადაც არც მაღაზიაა, არც ფოსტა, ავტობუსი მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს. იმ დღესვე ცუდად გახდა, წნევებმა შეაწუხა, დიდი შიში გვანახა. ლამის ხელში ჩაგვაკვდა.
მაკაც მუშაობს ფეხზე მოსიარულე ქალთან, რომელუც გაუჩერებლად ლაპარაკობს, არაადეკვატურია, დღისით კივის, უმიზეზოდ შველას ითხოვს, მასთან მუშაობა დიდ ნებისყოფას და ძალისხმევას მოითხოვს. და ზოგადად, ემიგრაციაში ყოფნა იმდენად სტრესულია, რომ ფსიქოლოგიურ სიძლიერეს ითხოვს.
ვწერ და ხან სოციალურ ქსელში სიახლეებისკენაც გამირბის თვალი. მენანებიან ჩემი შვილები იმ ქვეყანაში ცხოვრებისთვის, სადაც სიყვარულისთვის შეიძლება მოგკლან, სადაც სიმართლის თქმისთვის შეგიძულონ, სადაც სიკეთის კეთებისთვის გაგრიყონ, სადაც ყველაფერი უკუღმაა მოწყობილი, რა თაობა გავიზარდეთ ასეთი, რომ საკუთარ შვილებს ვწირავთ, არაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ რამე შევცვალოთ.
მე დავიღალე და გავიქეცი“….
იმისათვის, რომ საქართველოდან ემიგრაციაში წასული ქალები ამ გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდნენ, IOM-ში აცხადებენ, რომ ქალი ემიგრანტების დახმარების მიზნით მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა და სახელმწიფოს აქტიურობა იმ მიზნით, რომ შეიქმნას კანონიერი დასაქმების სქემა იმ ეკონომიკურ სექტორებზე აქცენტით, სადაც ქალები ძირითადად არიან დასაქმებულები. მაგალითად, მათი განმარტებით, კანადის მომვლელის პროგრამა (Canadian live-in caregiver programme) შესაძლოა გამოდგეს ინსპირაციის წყაროდ, რათა ასეთი სახის სამუშაო გასცდეს არაფორმალურ ეკონომიკას. საოჯახო სამუშაოები, როგორიც არის მაგალითად, ოჯახში მომვლელი, დიასახლისი ძირითადად განეკუთვნება არაკონტროლირებად, უკანონო დასაქმების კატეგორიას, როდესაც დასაქმებულის უფლებები მეტწილად არ არის დაცული. მათი ინტეგრაცია კი საკმაოდ რთულად მისაღწევია.
„IOM-ის ზოგადი მიდგომა მიგრანტთა ინტეგრაციის მიმართულებით ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
-მიგრანტების სოციალური ჩართულობა და საზოგადოებრივ მომსახურებებზე წვდომა;
-ინფორმაციის გავრცელება მიგრანტთა რესურს ცენტრების მეშვეობით;
-მიგრანტთა დატრენინგება, გამგზავრებამდე საორიენტაციო და ჩამოსვლის მერე ენის ტრენინგების შეთავაზება;
-ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მედია ტრენინგები, ანტი-ქსენოფობიური კამპანიები;
-ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარება;
-მიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამის განვითარება.
მიმღებ/მასპინძელ ქვეყანაში არსებული ინტეგრაციის პოლიტიკა გარკვეულწილად ქმნის გარემოს, სადაც მიგრანტს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს პროფესიულად, შეიძინოს ახალი უნარები. გარდა ამისა, სამშობლოში მას უნდა დახვდეს მომზადებული გარემო, რათა მისი ცოდნა და უნარები გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისთვის“ – განაცხადეს ტელეკომპანია „ბორჯომთან“.
IOM თვლის, რომ მიმღები ქვეყანა, რომელსაც მიგრანტი ირჩევს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მიზნით, ამ ქვეყნის ინტეგრაციის პოლიტიკა და ინტეგრაციის პროგრამები მეტწილად განაპირობებს მიგრანტთა ხელშეწყობის ხარისხს. მათი შეფასებით, ცალსახად მნიშვნელოვანია მიგრანტების ენობრივი უნარების გაძლიერება, კანონიერი დასაქმების შეთავაზება და წვდომა ბაზისურ საზოგადოებრივ სერვისებზე, რათა ისინი იყვნენ დაცულები და რეალიზებულები. გვეუბნებიან, რომ საქართველოს მაგალითზე, ემიგრანტი ქალები ძირითადად შემდეგი სახის პრობლემებს აწყდებიან:
-ენის არ ცოდნა,
-დაბალი კვალიფიკაცია
-ინფორმაციის დეფიციტი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
– ხშირად ენდობიან გავრცელებულ მითებს იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ იოლია დასაქმება.
აქვე მნიშვნელოვანია, ინფორმაციის ნაკლებობა მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იგულისხმება წვდომა ჯანდაცვის და სოციალურ მომსახურებებზე, შრომითი უფლებები და სხვა, რაც თავის მხრივ განაპირობებს მიგრანტის უსაფრთხოებას და დაცულობის მაღალ ხარისხს. ორგანიზაცია ამ კუთხით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობასაც.
„მიგრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვში, ქალები განეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფს. ისინი შესაძლოა გახდნენ ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლნი. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძირითადად უწევთ სარისკო სამუშაო ადგილებზე მუშაობა, სადაც მაღალი საფრთხეა შრომითი ექსპლუატაციის. მაგალითად, ახალ პანდემიურ რეალობაში, უფრო ნათლად გამოიკვეთა მიგრანტების დაუცველი შრომითი მდგომარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ დაკარგეს სამუშაო ყოველგვარი დანაზოგის და გარანტიების გარეშე. მიგრანტების დაუცველი შრომითი მდგომარეობა, არარეგულარული შრომითი საათები, არაჰუმანური პირობები, დაბალი ანაზღაურება ყოველთვის წინა პლანზე იყო გლობალური მიგრაციის მართვის დღის წესრიგში. ამ კუთხითაც, მნიშვნელოვანია დანიშნულების ქვეყანაში იყოს შესაბამისი დამხმარე რგოლი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთია საკონსულოები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა რეფერირების, მათთან მუშაობის მიმართულებით. ამ საკითხზე, IOM-მა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა სახელმძღვანელო პრინციპები საკონსულო სამსახურის თანამშრომლებისთვის“.ასევე დაგაინტერესებთ: ემიგრანტი ქალები ოჯახებისგან შორს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად