Gulnara Kokhodze

by sknews.ge

‘მე მიმიღეს’

ისინი ერთ ღამეში გაასახლეს. მუდამ ცდილობდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, დაბრუნდნენ, თუმცა, გაუცხოებულმა ქვეყანამ არ მიიღო, მშობლიურ მიწას ვერ შეელიენ და მაინც დარჩნენ. რეპატრირებული მუსლიმი მესხების მეოთხე თაობის წარმომადგენელი ბაბუისა და დედისგან განსხვავებით ახლა ამბობს რომ – „მე მიმიღეს“.

როგორც ფრიდონ ყურაძეს ისე ვიცნობ, თუმცა ოფიციალურად ფირიდონ შამშოდოვი ყოფილა. 19 წლისაა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს დასთან, დედასთან და ბაბუასთან ერთად.

სწავლობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის, მეორე კურსზე.

გვიყვება რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან ოჯახთან ერთად მეხუთე კლასში იყო როცა აქ, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში გადმოვიდა. თავიდან გაუცხოება დახვდა.

„მე მათთვის თურქი ვიყავი, ეროვნებითაც სხვა და რელიგიითაც განსხვავებული. პატარაობიდანვე ვუყვებოდი ჩემს კლასელებს ბაბუას მიერ მოყოლილ ისტორიას, ვუხსნიდი ვინ ვიყავი, ვეუბნებოდი, რომ ქართველი ვარ, მესხი, რომ ბაბუა აქედან გაასახლეს, რომ ბაბუას მუდამ უნდოდა უკან დაბრუნება. ბევრი წლები დამჭირდა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მე მიმიღეს“.

სოფელ აბასთუმანში ახლა მუსლიმი მესხების 14 ოჯახი ცხოვრობს, ფრიდონი ამბობს, რომ გზა რომელიც თვითონ გაიარა ყველა მუსლიმი მესხი ბავშვის გასავლელია. თითოეული მათგანი სოფლიდან თითქოს გარიყულია, ამ სოფლის მკვიდრნი ქვიათ, თუმცა . . .

„აქაურებს ოჯახებიდან არ აქვთ ინფორმაცია ვინ ვართ ჩვენ, სკოლაშიც არ არის შესაბამისი ლიტერატურა, ამიტომაც თაობა იზრდება ისევ გაუცხოებული. უნივერსიტეტში განსხვავებული გარემო დამხვდა, ჩემი უაქცენტო ქართულიც დამეხმარა ამაში“, – გვეუბნება და იღიმება.

ვერ მიიღეს ბაბუა

ფრიდონ ყურაძის ბაბუა, ალიხან ყურაძე ახლა 84 წლისაა. შვიდი წლის იყო როცა მშობლებთან ერთად დაატოვებინეს სამშობლო.

ახსოვს სატვირთო მატარებლის ვაგონი და დაუსრულებელი გზა. ამბობს რომ ქვეყნიდან ქართველი წავიდა, თუმცა თურქებად წერდნენ, წლების შემდეგ პასპორტში აზერბაიჯანელი ჩაუწერეს. 1969 წელს აფხაზეთში ჩამოასახლეს, სამ თვეში ისევ გაასახლეს.

1977 წელს ოჯახთან ერთად ისევ ჩამოვიდა ისტორიულ სამშობლოში და ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში დასახლდა. და მაინც სოფელ აბასთუმანში, ბავშვობის სოფელში უნდოდა ცხოვრება. 2011 წელს ჩამოვიდა და დასახლდა.

მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, თუმცა გაუცხოებულ გარემოში, რაც მოხუცს ძალიან აწუხებს. როცა სტუმრობ თვალებში სხივი უდგება და საათობით შუძლია გესაუბროს თავის მძიმე წარსულზე, საქართველოზე, როგორც ზღაპარ ქვეყანაზე და აქ ცხოვრების ბედნიერებაზე.

ვერ მიიღეს დედა

ფრიდონის დედა, გულო, აზერბაიჯანში დაიბადა. ერთი წლის იყო, როცა აფხაზეთში ჩაასახლეს მშობლები, შემდეგ იყო ისევ გასახლება ყაბარდო–ბალყარეთში და სწორედ იქ დაიწყო ქართული ენის სწავლა, ჩუმად, მალულად, ბებია–ბაბუას ენაზე ალაპარაკდა.

მარტოხელა დედა ახლა სოფელ აბასთუმანში შრომით ცდილობს თავის დამკვიდრებას, მისი მოყვანილი ნერგები მთელს მუნიციპალიტეტში იყიდება. ბაბუა–ბებიას მიერ მოყოლილ ზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრობს და ამბობს რომ მიუხედავად ბევრი მძიმე დღეებისა, რამდენჯერმე აშენებული და მიტოვებული კერისა, მაინც ბედნიერია რომ მესხეთში ჩამოვიდა.

გულო მურსალოვაა, მამამისი ყურაძე, მან ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლო საკუთარი გვარის დაბრუნება.

სახელმწიფო და მუსლიმი მესხები

„საქართველოს სსრ რესპუბლიკის თურქეთთან მოსაზღვრე რაიონებში თურქი მოსახლეობა ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ენათესავებიან თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებლებს – ამჟღავნებენ ემიგრაციულ განწყობას; დაკავებულნი არიან კონტრაბანდითა და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისთვის წარმოადგენენ ჯაშუშური ელემენტების წყაროს, გადმობირებისა და ბანდიტური ჯგუფების ფორმირებისთვის…” – წერდა 1944 წლის 24 ივლისს ლავრენტი ბერია სტალინს.

სწორედ ამ წერილს მოჰყვა 1944 წლის 15 ნოემბრის ღამე, როცა, სტალინის განკარგულებით, მესხეთიდან ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში, ერთ ღამეში 120 ათასამდე მესხი გადაასახლეს. გზაში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.

1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად ჩაიდო შემუშავება კანონისა რეპატრიაციის შესახებ. კანონი 2007 წელს მიიღეს. დეპორტირებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ მესხებსა და მათ პირდაპირ შთამომავლებს ერთი წელი მიეცათ, რომ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახელმწიფოსათვის მიემართათ. შემდეგ ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა. სულ 5841 განცხადება ფიქსირდება.

დაიწყეს მუსლიმმა მესხებმა ოჯახებით საქართველოში დაბრუნება.

მათ არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, არ ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი, ვერ სარგებლობდნენ ვერანაირი სახელმწიფო პროგრამებით. მოქალაქეობის არქონის გამო ბავშვები ვერ იღებდნენ განათლებას. ეს პრობლემა მოგვარდა – განათლების სამინისტრომ მათ დროებითი ნომერი მიანიჭა და ვაუჩერული დაფინანსებაც გამოუყო.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი, რომელიც წლებია რეპატრირებულ მესხების პრობლემებზე მუშაობს და განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი ამბობს, რომ – „მუსლიმ მესხებს ახლაც ბევრი პრობლემები აქვთ, ერთი საკითხი გადაწყდება, მეორე იწყება. საჭიროა კომპლექსურად მუშაობა. მოდიან მესხები თავიანთ ქვეყანაში, აქ ხვდებათ უამრავი პრობლემა და იძულებულნი ხდებიან ისევ აიყარონ და აქაურობა დატოვონ“.

ახალციხეში ამ დროისთვის 25 მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ ისევ არაერთგვაროვანია.

sknews.ge

Total
0
Shares