Medea Gogsadze. Gender and Migration

by accentnews.ge

მიგრაცია და გენდერი

თანამედროვე მონები

2013 წლის ზაფხულში გონიოს მახლობლად, ბეშუმის ტყეში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოკლული ადამიანით მოვაჭრეების მსხვერპლი იყო. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერიან თელიას განცხადებით, დამნაშავეებმა შრომითი მოწყობის დაპირებით ხუთი ახალგაზრდა ქალი არალეგალურად გადმოიყვანეს უზბეკეთიდან საქართველოში და ღამის კლუბებში სხეულით ვაჭრობა აიძულეს. რაღაც მომენტში მოკლული მათ ნებას არ დაემორჩილა და სამშობლოში დაბრუნება მოითხოვა. როდესაც დამნაშავეები მიხვდნენ, რომ ქალს ვეღარ დაიმორჩილებდნენ, ბეშუმის ტყეში შეიტყუეს – «საზღვრის ავლით გაგაპარებთო» და სიცოცხლე მოუსწრაფეს. ეს იყო ტრეფიკინგის ერთ-ერთი გაჟღერებული ფაქტი საქართველოში, რომელსაც სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვა.

გლობალიზაციის ეპოქაში იმატა მიგრაციამ – როგორც ლეგალურმა, ისე არალეგალურმა, ამიტომ ადამიანებით ვაჭრობაც გააქტიურდა. ტრეფიკიორების მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები, მაგრამ ახალგაზრდა ქალების ექსპლუატაცია განსაკუთრებით ცინიკური და შეურაცხმყოფელი ფორმით ხდება; მათ ძირითადად პროსტიტუციაში „ასაქმებენ“. ამდენად, მონობის თანამედროვე ვერსია – ტრეფიკინგი ქალთა დისკრიმინაციის უსასტიკეს ფორმად უნდა მივიჩნიოთ. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ადამიანთა ვაჭრობის მარშრუტში არა მარტო სატრანზიტო დერეფანი, არამედ „საქონლის“ მიმწოდებელი და დანიშნულების პუნქტიცაა, რაც ძალზე ართულებს ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ობობას ქსელში“

შემთხვევითი არ გახლავთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში გენდერული თემატიკა ტრეფიკინგზე საუბრით დაიწყო. 90-იანი წლების კრიზისმა, აგრეთვე ანტიტრეფიკინგული და შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის უქონლობამ ტრეფიკიორებს ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო. მათ მოტყუებით გადაჰყავდათ ქალები საზღვარგარეთ, მერე კი დაშინებითა და შანტაჟით სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ. 1997 წლის აპრილში შსს-ს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს (ყოფილი ნარკომანიის და პროსტიტუციის განყოფილება) უფროსმა გოჩა სისაურმა გასვლითი პროსტიტუცია ქვეყნის წინაშე მდგომ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად შეაფასა. ტრეფიკიორები მსხვერპლს მრავალჯერ დაცდილი სქემით აბამდნენ: დასაქმების დაპირება, საზღვარგარეთ ჩაყვანა, დაშინება, არაადამიანური ექსპლუატაცია და ბოლოს პირში ჩალაგამოვლებული გამოპანღურება, ან სულაც უპასპორტოდ და უსახსროდ მიგდება. მსხვერპლის „წელში გატეხვის“ ტექნიკა კარგად ჰქონდათ დამუშავებული. ადგილზეც ყოველთვის ჰყავდათ ხელშემწყობი პირები: პოლიციის თანამშრომლები, სასტუმროს მეპატრონეები და ა.შ. მსხვერპლისა და ტრეფიკიორის ურთიერთობა მონათმფლობელი-მონის დამოკიდებულების მსგავსი იყო. კლიენტთა დღიური რაოდენობა დამოკიდებული იყო ქალის მონაცემებზე, კონკრეტულ სიტუაციაზე და ტრეფიკიორის სიხარბეზე – ანგარიშსწორება მასთან წარმოებდა. ქალს ფულს ხელში არც აძლევდნენ და გამომუშავებული თანხიდან მხოლოდ მათხოვრული პროცენტი რჩებოდა. როდესაც მისგან სასურველ თანხას ამოქაჩავდნენ, „ჩაწყობილ“ რეიდში მოაყოლებდნენ და ციხეში უშვებდნენ, ან თავლაფდასხმულს საქართველოში აბრუნებდნენ. ხშირი იყო ქალების უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტებიც.

აი 90-იანი წლების ტიპური ისტორია:

ვ. ვ. – 29 წლის. ვინმე ს. ს.-მ მოატყუა, თურქეთში სასტუმროს დამლაგებლად მოგაწყობო. ტრეფიკიორმა მომავალ მსხვერპლთან „კეთილი ფერიის“ ნიღაბი მოირგო; თავდაპირველად დამშეულ ქალს ფინანსურად დაეხმარა და ტანსაცმელიც კი უყიდა. ასე დაბრმავებული ჩაიყვანეს ადგილზე, იქ კი აუხსნეს, რა შედიოდა მის მოვალეობებში. ქალს თავზარი დაეცა და უარი განაცხადა. მაშინ ს.ს.-მ თავისებურად „ჭკუა დაარიგა“ – სასტიკად ცემა და აგინა. ბოლოს ვ. ვ. მის ნებას დაემორჩილა, მაგრამ ცხოვრების ამგვარ წესს ფიზიკურად ვერ გაუძლო და ერთი თვის შემდეგ დასნეულდა. ს.ს. გააცოფა ამ ფაქტმა: ეგონა, ქალი თავს ძალით იავადმყოფებდა და სასტიკად ცემა. როცა დარწმუნდა, რომ ვ.ვ.-ს მართლაც არ შეეძლო „მუშაობა“, „მოწყალება“ გაიღო – გზისთვის 70 დოლარი მისცა და გამოაპანღურა.

კიდევ უფრო საშინელი სიტუაცია იყო ემირატებში. საქართველოს სიშორით დაიმედებული ბოროტმოქმედნი იქ განსაკუთრებული სისასტიკით და ცინიზმით მოქმედებდნენ. ე.ლ. ტრეფიკიორმა ცემა და შიმშილით წამება არ დააკლო. როდესაც აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო, მორიგი „ეგზეკუცია“ მოუწყვეს და „საქმიანობის“ გაგრძელება აიძულეს. ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ტრეფიკიორი თავზე დაადგა და ჩუმად ამშობიარა, მერე ჭიპლარი თავისი ხელით გადაჭრა და ჩვილი ეზოს ტუალეტში ჩააგდო. მშობიარობიდან ორი-სამი დღის შემდეგ ე.ლ. ისევ „სამუშაოდ“ გაუშვეს, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაუძლო და დასნეულდა. ტრეფიკიორი მიხვდა, რომ ქალი ვეღარ „გაქაჩავდა“, ამიტომ უპატრონოდ მიაგდო და თბილისში დაბრუნდა. არაადამიანური დამცირების ფასად ე.ლ.-მ მაინც მოახერხა თბილისში დაბრუნება. აეროპორტში კი ტრეფიკიორის საყვარელი დახვდა თავისი დამქაშებით და ანგარიშსწორების მუქარით გაჩუმება უბრძანა.

ანტიტრეფიკინგული კანონმდებლობის არასებობის გამო სამართალდამცავნი მოკლებულნი იყვნენ მოვლენებზე რაიმე ქმედითი ზეგავლენის საშუალებას. სისაურის განმარტებით, ნარკომანიის და პროსტიტუციის განყოფილებისთვის სახელის შეცვლამ ავტომატურად განაპირობა პროსტიტუციის კუთხით მუშაობის ამოვარდნა. დოკუმენტებში მოწოდებული ფაქტები სამმართველოს მუშაკთა პირადი ინიციატივით იქნა მოკვლეული. მათ ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძეც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკვე 1998 წლიდან შესაბამის უწყებებს მაგიდაზე კონკრეტულ ფაქტებს ულაგებდნენ, პასუხად კი ესმოდათ, “ყურით მოთრეული თემააო”. უფლებადამცველი თამარ დადიანი კიდევ უფრო ხისტად აფასებს მმართველი წრეების დამოკიდებულებას. მისი აზრით, 90-იან წლებში ანტიტრეფიკინგული კანონმდებლობის მიღება გაჭიანურდა იმიტომ, რომ შევარდნაძის რეჟიმს არ აწყობდა მისი არსებობა და ყველა ჩრდილოვან ბიზნესს უშიშროება ლობირებდა.

ცნობისთვის: ადრე მიიჩნევდნენ, რომ ტრეფიკინგი იყო მოგების სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მესამე კრიმინალური ბიზნესი (იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ), ახლა კი ფიქრობენ, რომ ამ მაჩვენებლით ორივეს უსწრებს. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ტრეფიკიორთა ქსელის წევრთა ჯიბეებში ილექება.

„ადამიანით ვაჭრობისა და ძალადობისგან დაცვის 2000 წლის აქტი“ (TVPA) ანტიტრეფიკინგული ღონისძიებების კუთხით არსებული ვითარების მხრივ ქვეყნებს სამ ჯგუფად („კალათად“) ყოფს. მესამე „კალათაში“ მოხვედრა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ან არ იბრძვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ. 2003 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველო მესამე დონის ქვეყანათა ჯგუფში შეყვანის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ეს ქვეყნის პრესტიჟს აზარალებდა; ამასთან, შესაძლოა, საერთაშორისო დახმარებაც ვერ მიგვეღო. 2003 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ადამიანებით და არასრულწლოვანებით ვაჭრობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. 2006 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის დაფუძნდა „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი“ და პირველივე წელს გაიხსნა ორი თავშესაფარი. ამჟამად კიდევ გვაქვს ხუთი კრიზისული ცენტრი (თბილისში, ქუთაისში, გორში, ოზურგეთში და მარნეულში). ანუ, გაჩნდა როგორც დანაშაულზე რეაგირების, ისე მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი და იმატა გამოვლენილი დანაშაულის რიცხვმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდი ტრეფიკინგის მსხვერპლს სთავაზობს თავშესაფარში განთავსებას 3 თვემდე ვადით, აგრეთვე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღებას, სამართლებრივ დახმარებას, ერთჯერად ფულად კომპენსაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებას.

მოქმედებს ცხელი ხაზი 116 006 (ზარი უფასო და ანონიმურია).

წოვინარ ნაზაროვა („ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობის საზოგადოების” საბჭოს თავმჯდომარე) აღნიშნავს:

– უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში საქართველო დანიშნულების ქვეყანა გახდა ქალთა უკანონოდ გადმოსაყვანად, ძირითადად – ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. ჩვენს ფილმში „მონობა აბრეშუმის გზით“ ნაჩვენებია, მოტყუებით როგორ გადმოჰყავდათ ქალები აჭარაში და სექს-ბიზნესში მუშაობას აიძულებდნენ. ამ მდგომარეობამ საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით 2013 წლის ზაფხულის ბოლოს მიიპყრო, როცა ამ თემაზე გაჩნდა პუბლიკაციები და სატელევიზიო რეპორტაჟები გონიოდან, განსაკუთრებით – როცა ბეშუმის ტყეში ადამიანით მოვაჭრის დაკვეთით მოკლული ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. ჩვენთვის სხვა შემთხვევებიცაა ცნობილი. ხუთი წლის წინ უზბეკეთიდან ჩამოიყვანილი ქალები ცოტა ხანს გონიოში გააჩერეს, მერე კი გადაიყვანეს თურქეთში, სადაც სასტუმროში მეძავობას აიძულებდნენ და ისევ გონიოში აბრუნებდნენ. ეს ამბავი გვიამბო ტრეფიკინგის მსხვერპლმა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. პასპორტი გადახეული ჰქონდა, ხელზე კი განგრენა ჰქონდა დაწყებული. გოგონა სასწრაფოდ მივიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის გადასარჩენად ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა და კანონით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო. გოგონამ ჩვენი დახმარებით დოკუმენტები გააფორმა და შინ დაბრუნდა.

დღეს

2020 წელს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი ანგარიში. საქართველომ შეინარჩუნა ადგილი ე.წ. პირველ კალათაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ სტანდარტებს.შეიძლება თუ არა შვებით ამოვისუნთქოთ? არავითარ შემთხვევაში! ისევ შენარჩუნებულია ცენტრალური აზიიდან ქალების მოტყუებით ჩამოყვანის და საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით მეზობელ ქვეყნებში სექსუალური ექსპლუატაციის პრაქტიკა. თავად საქართველოს მოქალაქეებიც შრომითი მიგრაციისას დღესაც ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი. მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკის თანახმად, 2015-2018 წ.წ-ში 37 მსხვერპლი/დაზარალებული გამოვლინდა.

სტატიას 2020 წლის სტატისტიკის ამსახველი ცხრილო დავურთეთ: აშკარაა, რომ მცირე ციფრები რეალობას ვერ ასახავს. ფაქტების უმრავლესობა გამოუვლენელი რჩება, ვინაიდან არალეგალური მიგრანტები პოლიციასთან ურთიერთობას გაურბიან. წოვინარ ნაზაროვა აღნიშნავს, რომ ადამიანთა უკანონო ტრანზიტი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის დარღვევის შემთხვევათა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ხშირად ისინი თურქეთიდან საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო დეპორტირებული ქალები არიან, რომლებიც უკან დაბრუნებას მთის ბილიკებით ცდილობენ. აუცილებელია ფართო საინფორმაციო კამპანიის გაშლა და ამ ადამიანების დარწმუნება, რომ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებენ, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობისას მათ დაცვას და კონფინდენციალობას უზრუნველყოფენ.

ცალკე პრობლემაა ტრეფიკინგის პრევენცია. მომხდარ ფაქტებზე რეაგირება აუცილებელია, მაგრამ ბევრად სჯობს იმაზე ზრუნვა, რომ ასეთი ფაქტები რეალურად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

საიას პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე აღნიშნავს:

– 2009 წლამდე როგორც საია-ში, ისე ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდში მომართვიანობა მაღალი იყო. საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს საია-ში უწევდნენ კონსულტაციას, უმოწმებდნენ კონტრაქტებს და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, ხდებოდა ტრეფიკინგის პრევენცია. უკანასკნელი ცხრა-ათი წლის განმავლობაში ორივე უწყებაში მომართვიანობა დაბალია. მსხვერპლთა რიცხვიც თავშესაფარში მცირეა. ტრეფიკინგის მიმართულებით დაფინანსების არარსებობის გამო ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სიტუაციას ვეღარ იკვლევს. ამიტომ ძნელი სათქმელია, მომართვიანობა მსხვერპლთა რიცხვის კლების გამო დაეცა, თუ უბრალოდ არ მოდიან. არ მჯერა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი არ გვყავს. უბრალოდ საინფორმაციო კამპანიები აღარ ტარდება, ბროშურები აღარ ქვეყნდება და აღარც სარეკლამო რგოლები ტრიალებს. კანონის მიღების შემდეგ ხალხი აქტიურად მოდიოდა, რაც თბილისში და რეგიონებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო სამუშაოს შედეგი იყო.

„პირველ კალათაში“ ყოფნა სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ლამაზი ციფრების უკან ულამაზო რეალობა იმალება. სახელმწიფო არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეჯანჯღარების გარეშეც რომ ითვალისწინებდეს, შესაძლოა, ტრეფიკინგის მარშრუტში საქართველოს რგოლი საერთოდაც დაგვებლოკა. განვითარებულ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორის პროექტებს მთავრობა აფინანსებს, ვინაიდან მასში დამხმარეს ხედავს. დროა, ეს მიდგომა ჩვენშიც დამკვიდრდეს. ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია მასმედიასაც. მონებით მოვაჭრეებს ვამპირებივით უკუნი წყვდიადი სჭირდებათ, ხოლო არასამთავრონო სექტორისა და მასმედიის ერთობლივი მოქმედებები მათ მზის სინათლეზე გამოიყვანს.

accentnews.ge

Total
0
Shares