Saba Tsitsikashvili. Batiuri: A Story of One Man in a Bestavaant village

by qartli.ge

ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში

სოფელ ბატიურში, რომელიც ბესტავაშვილებს (ბესტაუთებს) ეკუთვნოდათ, დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი – დურმიშხან ფილიშვილი ცხოვრობს, თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში (მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადი). დუბი წარმოშობით სოფელ თრეხვიდანაა, სადაც მხოლოდ მღვდლები არიან. თრეხვსა და ბატიურს ერთმანეთს ერთი დიდი მთა აშორებს.

,,ამ ამ ტყეში ვმუშაობდი ახალგაზრდობაში და ჩემი პურის ლუკმას ტყიდან ვშოულობდი, მერე ახლა უკვე დავბერდი, 68 წლის ვარ… მერე აქ ცხოვრობდა ერთი ქალი ბესტაუთი ფართუშა, არავინ ჰყავდა და ამ ქალს ვუზიდავდი – პროდუქტი იყო თუ რა, მე ვხედავდი. მერე ასე მითხრა – ,,რა ადგილებიც მაქვს, იმას მოგცემ და დამმარხეო“ – ახლა ისეთი გასაოცარი ადგილებიც არაა, მაგრამ ავიღე და როგორც მითხრა, ისე შევუსრულე, ანდერძი მომცა თავის ადგილებზე, ნოტარიუსის საბუთი, სხვა, და ერთი-ოც წლამდე აქ ვცხოვრობ და დავრჩი და დავრჩი აქ მარტოდ.““ – ამბობს დურმიშხან ფილიშვილი.

დურმიშხან ფილიშვილი ძირითადად მეტყევეებს ხვდება. დიდმა სატვირთო მანქანებმა მის სახლთან უნდა აიაროს და ჩაიაროს. დღეგამოშვებით, თანაც სეზონურად მათთან უწევს შეხვედრა. ქარელში მხოლოდ პენსიისა და პროდუქტების საყიდლად ჩადის:

საქონელი მყავს, ღორები ბევრი მყავდა, ღორების ფერმა მქონდა ერთი 92 ღორი მყავდა, მაგრამ რაღაც აფრიკული დაავადება გაჩნდა და უცბად გამიწყვიტა, დიდ ზარალში ჩავვარდი. ახლა ერთი ათი სული საქონელი მყავს და მათ ვუვლი, აბა აქ სხვა საქმე რა უნდა გააკეთო?! აქ ძირში ჩემი მინდვრებია და მეკუთვნის, მე აქ ვწერივარ, ოფიციალურად აქ ვწერივარ, აქ ვცხოვრობ და ჰექტარი და 80 მეასედი მომცეს არა და მეკუთვნის 5 ჰექტარი, როგორც სოფლის მაცხოვრებელს, მეკუთვნის 5 ჰექტარი და არ მაძლევენ, ამ 5 ჰექტარს არ მისრულებენ, ხან რას მოიმიზეზებენ, ხან რას… ახლა უნდა შევიტანო სასამართლოში საჩივარი. მეკუთვნის, ხომ მეკუთვნის? რატომ არ მაძლევთ, რატომ არ მიფორმებთ? მე აქ მარტო ვცხოვრობ, ჩემთვის, სულელი ვარ, თუ ჭკვიანი – ჩემთვის ვცხოვრობ, ხელს არავის ვუშლი. წავალ ჩემი პენსიის დროს, პენსიას ავიღებ, პროდუქტს ვიყიდი, ამოვალ და ვცხოვრობ ჩემთვის მარტო.“ – ამბობს დუბი.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სასმელი წყალი უჭირს. წყარო სოფლიდან მოშორებითაა, ამიტომ, დასალევად მდინარის წყალს იყენებს:

,,ახლა, ადამიანს ბევრი რაღაც უნდა, ვისაც გინდა შეეკითხე, ყველას რაღაც უნდა, მაგრამ ვის რა უნდა სთხოვო, როგორც ახლა ერთადერთ მცხოვრებს ბევრი დახმარებები მაქვს, მაგრამ არაფერს ვხედავ, აბა რას ვხედავ? ახლა აქ რა გვინდა, – წყალი, სქელი მილით მოდიოდა, აგერ ტყის პირზე წყალი, მაგრამ მიწა იძრა ერთ წელს და წყალი დაიკარგა. ახლა როგორც არაყი მოდის, ისე მოდის ის წყალიც. წყალი არ არის სოფელთან ახლოს, რომ მიხვიდე, დადგა და წამოიღო წყალი. ამბობენ – ამოვლენო. – ვინ უნდა ამოვიდეს აქ? – გზა აქ არ არის, შუქი აქ არ არის, წყალი აქ არ არის. რომელ სოფელშიც წყალი არ იქნება, იქ ვინ მივა? ,,სოფლებს უნდა მივხედოთო“ კანონით ამბობენ – ,,სოფლებს უნდა მივხედოთო“ სოფლებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო; ჯერ გზა გააკეთო, რომ ადამიანი მივიდეს-მოვიდეს; წყალი უნდა გააკეთო, მერე შუქი უნდა გააკეთო და მერე სოფლებში ხალხი იცხოვრებს, აბა რას იზამს? აქ ვინ უნდა მოვიდეს? დაბლა იმერხევში ერთმანეთს ჭამენ სახლებზე და მიწებზე და აქ კაციშვილი არ მოდის, აბა რატომ მოვიდეს?“ – წუხს ჩვენი მასპინძელი.

როგორც დუბი გვიყვება, სოფელში მართლაც მხოლოდ ბესტავაშვილები ცხოვრობდნენ. სოფელი ძირითადად 1991 წელს დაიცალა, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი მძვინვარებდა. მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში გადაიხვეწა:

,,აქ მეტწილად ბესტავაანი ცხოვრობდნენ სულ, აქ არეულობით ძალიან გააწვალეს და გაიქცნენ, მერე გეგმავდნენ, რომ ვითომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ამ დროში უკან ვინ უნდა ჩამოვიდეს, თორემ ამაზე მაგარი სოფელი არ იყო, ამნაირი სოფელი ალბათ საქართველოში არსად იყო. სიმდიდრითაც მდიდრულად ცხოვრობდნენ და აქ რომ სტუმარი მოსულიყო, ერთი სახლიდან მეორეში ძღვენი მიჰქონდათ, ხაბიზჯინებს აცხობდნენ და მიჰქონდათ, ძღვნად, მერე ერთმანეთში ეპატიჟებოდნენ, ისე უყვარდათ ერთმანეთი, ესეთი სოფელი არსად იყო, ბატიური, ბესტავთა. ბევრი ცხოვრობდნენ, მაგრამ უმეტესობა… ბესტავაანთ სოფელია ეს, ისეთი ტკბილი სოფელი იყო. ახლაც ტელეფონით რომ ვურეკავ, ბევრი ტირილს იწყებს, რომ ვეკითხები, – ,,ახლა მანდ გაგვაჩინაო“ – ისე უყვარდათ. ასეა, ვინც სად დაიბადა, ის უყვარს რა თქმა უნდა. შეავიწროვეს ძალიან.“ – ამბობს დურმიშხან ფილიშვილი.

სოფლის ერთადერთი მკვიდრი ამბობს, რომ წლებია ბევრი ფიქრობდა სოფელში დაბრუნებას, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს:

,,რომ ჩამოვიდნენ, რით უნდა იცხოვრონ? ახლა საქონელი უნდა გაიჩინო ხო? ზევით რაც კი მიწები და მინდვრები იყო, სულ იყიდეს. ახლა ვლადიკავკაზიდან აქ რომ ჩამოვიდეს, აქ როგორ უნდა იცხოვროს, საქონელი უნდა გაიჩინოს ხომ? და სად გათიბოს, საქონელი სად გარეკოს? ისეა არეული, რომ არაფრის თქმა შემიძლია…“ – ამბობს იგი.

როგორ მოხდა, რომ ახლა ბატიურში ცხოვრობს და არა თრეხვში? დურმიშხანმა მისი ცხოვრების ბევრი დეტალის თქმისგან თავი შეიკავა. თუმცა, გაგვიმხილა, რომ საკმაოდ ბობოქარი ახალგაზრდული წლები ჰქონდა:

,,12 წლისა მე ციხეშიც ვიჯექი; რამდენიმე წელი უკრაინაშიც ვიცხოვრე ივანოვსკო-ანტონოვსკოეს ოლქში, ბენდელებთან, იქ რაღაც ბიზნესი მქონდა, კარგად ვიყავი. მერე დედაჩემი დაავადდა როგორღაც და ჩამომიტყუეს სახლში, ჩამოვედი. მერე გავლოთდი, რავი რაღაც დარდი შემემთხვა და გავლოთდი, მერე მივანებე სასმელი და გამოვიქეცი აქეთ. დაბლა სახლები, მაშინ კარგები იყო, დაბლა ერთი სახლი გავაკეთე და იქ ვცხოვრობდი. და ეს მარტოხელა ქალი მოდიოდა ხოლმე მერე ჩემთან, საჭმელები და რაღაცები მოჰქონდა; მერე აქ ამოვედი და მასთან ერთად ვცხოვრობდი; მერე დავიწყე ტყეში მუშაობა, სამხიდიანი მანქანა ვიყიდე და ტყეში ვმუშაობდი და მერე რომ აღარ შემეძლო, გავყიდე და დავრჩი აქ. შეჩვევაზეც არის, ადამიანი ყველაფერსაც ეჩვევა. მარტო სახლშიც, ქარელში რომ ვცხოვრობდი, მარტო ერთი წუთიც არ შემეძლო, გადმოვხტებოდი ხოლმე უცბადვე ბირჟაზე, ბიჭებთან ხალხში, მაგრამ ახლა მივეჩვიე. მიჩვევაზეა ყველაფერი,- ძნელია, რა თქმა უნდა ძნელია მარტო, ახლა მეშინია, გული მტკივა, ექიმებმა თბილისში გამწერეს, მაგრამ საქონელი ვის დავუტოვო? ბიჭებიდან აქ არავინაა, რუსეთში არიან და ასეთ გაწამაწიაში ვარ ახლა. გავყიდო, – ერთიანად არ ყიდიან, გინდა ერთი გყავდეს, გინდა ყველა, აბა რა? ასე ერთიანი კლიენტი არ მყავს, რომ გავყიდო და ჩემს თავს მივხედო. ყველას მუქთად უნდა და მუქთად ვინ რას იძლევა?“

qartli.ge

Total
0
Shares