ემალის ქვაბი ბლის კუნწულებით
სულ საქმეშია ეს ქვაბი, მასში ხან რას ინახავენ და და ხან რას. სულ თავს ხდიან, ახურავენ, გადადებენ, გადმოდებენ, ადგილს უცვლიან, კუნწულებს „უსწორებენ“. ყოველდღე „ატრიალებენ და აბრუნებენ“.
მას ოჯახში პატივს სცემენ, ეპყრობიან ისე, როგორც ადამიანს. ყველა „კობალტს“, „მადონას“ და „ვერსაჩეს“ ურჩევნიათ. არავინ იცის, ვისი ტოლია „ბლის კუნწულები“, დედის, მამის, სამიდან რომელიმე ძმის თუ უმცროსი ქალბატონის, რომელიც ამ ოჯახში დაიბადა ათეული წლის წინ. სულ 9 წლის იყო, როცა ამ ქვაბში დედამ მარილიანი წყალი ჩაასხა, რამდენიმე სულგუნი ჩაალაგა, ჩანთით ზურზე მოიდო და მასთან, მამასთან და 4 წლის ძმისშვილთან ერთად გარეთ გამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით გზას დაადგა.
მანამდე პირველივე შეტაკებაში ძმა მოუკლეს, იქ იბრძოდა მურმანი. ოჯახს პატივი სცეს და ცხედრის დაკრძალვის ნება მისცეს. წასვლამდე ერთი დღით ადრე მათ სახლს ჭურვი ესროლეს, სახლის ნაწილი დაინგრა, ამ სცენას შორიდან ვხედავდით, 2 წუთით დავაგვიანეთ სახლში შესვლა და გადავრჩით. დედაჩემმა ძირს დაგვცა და თვითონ გადაგვეფარა. ეს იყო ბავშვის პირველი ძალიან დიდი შიში, თუმცა არც კი ვიცოდი, რისი მეშინოდა“.
ამ ემალის ქვაბის ამბავს ლიკა გუგუსიანი გვიყვება, ლიკა ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ: ის – კულტურაში, მე – პიარში. წლებია ვიცნობ, მაგრამ დევნილობაზე არასოდეს გვისაუბრია. მოკრძალებით ვთხოვე, ამ შემთხვევაში მე კორესპონდენტი, ის კი ჩემი რესპონდენტი ყოფილიყო.
არახალია, რომ წყალტუბოში 15 000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს, ისიც ცხადია, რომ ყველა ოჯახს მისი პირადი ისტორია აქვს, მათი ცხოვრება ომის ტრაგიზმით არის სავსე. მათ მძიმე ისტორიები მოაქვთ მხრით, ზუსტად ისე, როგორც ლიკას დედის ემალის ქვაბში ჩაწყობილი სულგუნი. მე ლიკას ისტორია ავირჩიე… სიახლოვის და მეგობრობის გამო… კიდევ იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა დღეს ის საქმიანი, ძლიერი და შემდგარი ქალია, დედაა, შვილია, მამიდაა, მეგობარია, მეზობელია, ყველას ყველა და ყველაფერია.
„ჩვენ გავიქეცით, იმიტომ რომ მეომრის ოჯახი ვიყავით, თუმცა მაშინ არავის უფიქრია, რომ წასვლა იყო გრძელვადიანი. ჩვენ ვიცოდით, რომ დროებით მივდიოდით. გადავედით მეზობელ სოფელ მერხეულში, კოდორის ხეობისკენ მიმავასლ გზაზე, ნათესავებთან ვიცხოვრეთ 10 დღე. და ამ 10 დღის განმავლობაში მამაჩემი ყოველდღე გადადიოდა ჩვენს სოფელში და რისი წამოღებაც შეიძლებოდა მოჰქონდა, მხრით, რა თქმა უნდა.
დადგა 27 სექტემბერი და ჩვენ ისევ იმ სოფელში ვიყავით. ვხედავთ, რომ ხალხი უკვე გამოვიდა ქუჩაში და ყველანი სადღაც მიდიოდნენ. გაურკვეველი მიმართულებით. ჩვენ გამოვედით, ისევ იმ პატარა ჩანთებით და ვიყავით ქუჩაში… დედას ის ქვაბი ისევ ზურგზე ჰქონდა მოკიდებული დაცოტავებული სულგუნით“ – მიყვება ლიკა და ორივე ვყლაპავთ მუჭისხელა ცრემლებს.
ვხედავ, რომ ის დრო ისე ღრმად დალექილა მეხსიერებაში, რომ 2-3 წლის ამბის მოყოლა ერთი ამოსუნთქვით უნდა – წვრილმანებითურთ. მეც სულგანაბული ვუსმენ მის ტკივილით გაბზარულ ხმას:
„მამამ გვითხრა, რომ ერთადერთი სამშვიდობო გზა იყო ჭუბერი. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, არ დავლოდებოდით ვერტმფრენებს და ქვეითად გადაგვევლო პერევალი. მშობლებმა ერთადერთი, რაც იცოდნენ ის იყო, რომ, ეს გზა უერთდებოდა ჭუბერს. მეტი ინფორმაცია. თუ რამხელა გზა იყო, როგორი გზა იყო, რა შეგვხვდებოდა, რა დრო გვჭირდებოდა, არავინ არ იცოდა. ჩვენ ბავშვებმა ვიცოდით, რომ ამ გზაზე მოგვეთხოვებოდა მხოლოდ სიარული. ჩვენ, მე და ჩემმა ძმისშვილმა (5 წლით უმცროსი იყო ჩემზე) ვიარეთ. ჩვენ დიდი დასვენებები არ გაგვიკეთდებია, – ვიარეთ. ადამიანები გარდაცვლილები ეყარა, გვერდს ვუვლიდით მკვდრებს და მაინც მივდიოდით.
ერთადერთხელ დავისვენეთ და ერთ ადგილას, სადაც ვიპოვეთ ალუმინის „ბიდონი“ დედაჩემმა გახსნა და ფსკერზე იყო თაფლი, ვჭამეთ თაფლი და გზა განვაგრძეთ. დედაჩემს ეს სულგუნი ისევ მოჰქონდა ამ ბლისკუნწულებიანი ქვაბით, თან ქვაბში ესხა მარილიანი წყალი რომ სულგუნი არ გაფუჭებოდა. პლაშზე და კისერში ჩასდიოდა ეს წყალი. ახლა რომ ვიხსენებთ, გვეცინება და გვეტირება ერთად, ჯერ ის იფიქრა, რომ სულგუნი წამოეღო და მერე არ გაფუჭებოდა და წათხით გაავსო.
მახსოვს გრძნობა – მთელი დღის მანძილზე წყურვილის, წყალი დაგვიმთავრდა, მამაჩემმა გზაში ორი ჩანთა გადააგდო (ბევრმა ადამიანმა გადაყარა ჩანთა), რადგან იქ მთავარი იყო გევლო და ზედმეტი ტვირთი აღარ იყო საჭირო. ამისთვის უნდა გცმოდა ფეხსაცმელი, რაც ბევრ ადამიანს არ ჰქონდა (ტანსაცმელი ჰქონდათ ფეხებზე შემოხვეული), გკავებოდა ჯოხი, რომელზეც ეყდნობოდი და გქონოდა ცოტა საჭმელი. დანარჩენზე ფიქრი ზედმეტი იყო.
3 ღამე გავათიეთ კარავში. უფროსებისთვის არ იყო ხელმისწვდომი, რა თქმა უნდა. იქ არსებული ხალხიდან ბავშვებს გვკრიბავდნენ და იქ ვათევდით. ერთი ღამე გავათიეთ ფაცხაში და იქ უკვე ვკითხეთ მწყემებს, რამდენი კმ. გვქონდა დარჩენილი ჭუბერამდე. მწყემსებმა გვითხრეს, რომ უკვე მოსულები ხართო, და ეს იყო იმედი, რომელმაც მეორე დღეს ენერგია შეგვმატა და გზა გაგავაგრძელებინა, სინამდვილეში კიდევ ორი დღე ვიარეთ ჩვენ. მის მერე დავრწმუნდი, რომ იმედს დიდი ძალა აქვს.
ერთ ადგილზე წითელ ჯვარს ჰქონდა გაშლილი კარავი, სადაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვებს იღებდნენ და რომ შევედით, მომცეს პატარა შავ პურზე ერთი ძეხვის ნაჭერი და ესეც იყო ენით აღუწერელი სიხარულის გემო, დღემდე რომ ცხადად მახსოვს.
ამ ღამის შემდგომ ჩამოვედი ჭუბერში. მივაგენით სახლს, სადაც დედაჩემის ნათესავები ცხოვრობდნენ და როცა ეზოსთან მივედით, დავინახეთ დიდი მსხლის ხე და ირგვლივ სულ მსხალი ეყარა. აი მაშინ მახსოვ რომ ძალიან ბევრი მსხალი ვჭამეთ. იმ ოჯახში 2 თვე ვიცხოვრეთ იმ იმედით, რომ ჩვენ მალე უკან დაგვაბრუნებენ, თან იმ სახლში იმდენი ადამიანი ცხოვრობდა, სახლმა რაც დაიტია, ჩემს მშობლებს სინდისმა არ მისცა, რომ კიდევ დავრჩენილიყავით და გადაწყვიტეს, რომ ახლა სხვა ნათესავთან გადავსულიყავით.
წამოვედით მესტიის რაიონში, სოფელ ნაკრაში, სადაც ორი ოჯახი შეგვიფარეს დევნილები, ბიძაჩემი მრავალშვილიანი ოჯახით, ჩვენ. თავად ეს ოჯახიც მრავაშვილიანი იყო. და იქ ვიცხოვრეთ 6 თვე. წავედი სკოლაში. სინამდვილეში დასრულდა ყველაფერი, მაგრამ ხალხს მაინც აიმედებდნენ რომ მალე დავბრუნდებით და არ სრულდებოდა ეს მოლოდინი.
დედა და მამაჩემი დღე და ღამე შრომობდნენ, რომ ტვირთად არ დავწოლილიყავით მასპინძლებს. მამა ტყეში მიდიოდა ზამთარში შეშის მოსატანად. სამეურნეო საქმეებს აკეთებდა და 6 თვის შემდეგ ჩემმა მშობლემბა გააწყვიტეს ისევ ჭუბერში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად დედას მეორე დეიდასთან. ჭუბერში იმიტომ, რომ ინფორმაცია იყრიდა თავს, ჰუმანიტარული დახმარება იქ შემოდიოდა, ყველაფერს იტევდა ჭუბერი. ცუდ ამბავსაც, კარგსაც, ნუგეშსაც, იმედსაც…
იქ ისევ ახალ სკოლაში წავედი. ყველაფერი დეტალურად მახსოვს იმ დროის, მაგრამ გული მწყდება, რომ ამ ორი სკოლიდან არცერთი კლასელი არ დამამახსოვრდა, რატომ, არ ვიცი. მხოლოდ ერთადერთი ადამიანია, ვინც შემიძლია აღვიდგინო სახელი და გვარით და სახით.
ჭუბერში დავინახე, რომ ამდენი ადამიანი არის გარეთ, რიგებია, ჩხუბია, გამწარებული ხალხია, აქ უკვე სხვა რეალობა დამხვდა, ბავშვისთვის მიუღებელი. აქ ვიცხოვრეთ კიდევ 6 თვე. ამასობაში გავიდა ერთი წელი. ჩვენ სამი საცხოვრებელი გამოვიცვალეთ ერთი წელში. შემდეგ ჩამოვიდა ჩემი ძმა და წამოგვიყვანა წყალტუბოში, სადაც ჩემი ნათესავები ასე შემთხვევითობით მოხვდნენ.
როცა ჩვენ ჩამოვედით წყალტუბოში, სადაც ყველა სანატორიუმი დაკავებული იყო, ის ერთი ოთახიც ძლივს გამოგვინახეს და ერთ ოთახში ვცხორობდით 7 ადამიანი 1 თვე. შემდეგ მეორე ოთახი მოგვცეს.
უკვე ომის შიში აღარ იყო. უკვე დადგა დაბრუნების მოლოდინის დრო, რომელიც აგერ უკვე 29 წელია დგას. ჩვენ იქედან გამოვასწარით და აქ ჩამოსულები ვფიქრობდით, როგორ დავბრუნებულიყავით უკან. და დღესაც რომ უთხრათ ჩემს მშობლებს, რომ დავბრუნდებით, აუცილებლას წავლენ.
ყველაზე რთული აღმოჩნდა დრო, როცა აქ ჩამოვედით და 4 კედელში დავჯექით და ეს იყო ტრაგედია ჩემი ფსიქიკისთვის. ჩემი მშობლებისთვის გაასმაგებული ტრავმა იყო, იქ დატოვეს შვილის საფლავი, დატოვეს სახლი და ჩამოვიდნნე უცხო ქალაქში, სადაც არ იციან, რა გააკეთონ. ამ პერიოდს რა დავარქვა, არ ვიცი. აქ ან გაძლიერდები, ან ჩაყვები.
2 თვის მერმე მიხვდნენ მშობლები, რომ ასე დაჯდომა არ შეიძლება და მამამ ბაზართან დაიყო ლესვა, ნულიდან დაიწყო რაღაცის კეთება. ამ დროს ჰუმანიტარულმა დახმარებებმა გადაარჩინა ხალხი.
ჩემი ძლიერ ქალად ჩამოყალიბება განაპირობა სწორედ ამ დევნილოების წლებმა, ბავშვობაში. ადამიანების ამოსაცნობად არ დამჭირდა სხვა ეტაპების ძიება. იმ მოკლე პერიოდში პატარა ბავშვი უცებ დიდ ადამიანად ჩამოვყალიბდი“, – ამბობს ლიკა და აქ არ სრულდება მისი დევნილობის ისტორია.
ღეს ის ახალ ბინაში გადავიდა, აქვს საკუთარი ჭერი, საიდანაც ვერავინ გააგდებს/ცხოვრობს შვილთან და მშობლებთან ერთად, მაგრამ ეს ე.წ. ბედნიერი მიგრაციაც არ ყოფილა მისთვის სიხარულის მომტანი.
„ახალ საცხორებელ სახლში გადასვლა ჩემს მშობლებს ძალიან გაუჭირდათ. ადრე, წლების წინ, როცა გამოჩნდა შესაძლებლობა, ბინა შეგვეძინა და შედარებით ნორმალურად გვეცხოვრა, დედაჩემმა კატეგორიულად თქვა „არა! ჩვენ აქედან მალე წავალთ ჩვენს სახლში! “ ეს იმხელა მოლოდინი იყო, რომ მოლოდინით გვაცხოვრა აქამდე. ეს მოლოდინი ისე ღრმაა ჩემში, რომ მქონდეს შესაძლებლობა, მეც დაუფიქრებლად დავბრუნდები იქ, ჩემს სახლში და ისევ ნულიდან დავიწყებ ყველაფერს“.
ემალის ქვაბი ბლის კუნწულებით ისევ ტრიალებს და ბრუნავს ლიკას ოჯახში. სადაც გადადგამენ, ისიც იქაა მორჩილი ბავშვივით და პატრონივით ელოდება ადგილს შინ… აფხაზეთში…
სოფიკო ყანჩაველი
2021