Maia Mamulashvili

Photo by dylan nolte on Unsplash

Транснациональное материнство, материнство вне границ

დედობა საზღვრებს გარეშე

4 წლის სანდრო და 11 წლის ანა დედასთან დატოვა თელავის ერთ-ერთ სოფელში. უკვე შვიდი წელია ამერიკაში, ნიუჯერსის მდიდრული უბნის ერთ ოჯახში, 3 ბავშვის მომვლელად მუშაობს. ამბობს, რომ  ახლა 5 შვილის დედაა.  ეკა ბურდიაშვილი (სახელი შეცვლილია)  საკუთარ შვილებს დედობას მესინჯერის დახმარებით უწევს. სრულად არის ჩართული მათ აღზრდაში, ეკონომიკურ უზრუნველყოფაში, განათლების მიღებაში, თუმცა ემოციურ დონეზე მას არ შეუძლია დედის ტრადიციული როლის შესრულება.

„ეს ჯოჯოხეთია. მე ვმუშაობ მათთვის, თითქოს რაღაც შევქმენი. ოჯახი უზრუნველყოფილია, ვალები გასტუმრებული, სახლიც ვიყიდე, თუმცა დედობის ყველაზე ბედნიერი წლები გამოვტოვე, რასაც ვეღარ დავიბრუნებ,“ – ამბობს ის.

ეკამ არ იცის რას ნიშნავს ახალი ტერმინი –  ტრანსნაციონალური დედობა, თუმცა უბრალო ენაზე გვიყვება, რომ მის შვილებს  დედა კომპიუტერში ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ  ყოველ საღამოს დღის ამბებს ერთად აჯამებენ, ეკას არ შეუძლია შვილებთან ითამაშოს, საკუთარი ემოცია, გამოცდლება გაუზიაროს, უბრალოდ ძილის წინ წიგნი წაუკითხოს.

ტრანსნაციონალური დედობა – ტერმინი აღნიშნავს ღარიბი ქვეყნების ემიგრანტ დედებს, რომლებიც ცხოვრების უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში გადადიან მდიდარ ქვეყნებში და  ტოვებენ შვილებს მშობლიურ ქვეყნებში.  ტრანსნაციონალური დედები აგრძელებენ შვილების დედობას ემოციური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებით გეოგრაფიულ არეალში, პოლიტიკურ საზღვრებსა და სხვადსახვა დროის სარტყელში.

ასეთ დროს რთულდება დედობის ტრადიციული გენდერული როლის  შესრულება,  რომლის მიხედვითაც დედობა ასახავს, როგორც მზრუნველს, აღმზრდელს და ფიზიკურად იმყოფებიან შვილებთან. ტრანსნაციონალური დედების გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება ისტორიული გამოცდილების დედობის ტრადიციული როლისგან, პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის წარმოშობის საფუძველზე. ტრანსნაციონალური დედები უმკლავდებიან თავიანთი დედობის გენდერულ მოლოდინებს; უწევთ გამძაფრებული ბრძოლა კონკრეტული რასის, გენდერულ და კლასობრივ სტატუსთან, უმკლავდებიან  ემოციურ გადინებას და  შვილებთან განცალკევებას ტრანსსასაზღვრო და დროთაშორისი ურთიერთობების შენარჩუნებისას. იხ: წყარო: 

2019 წელს საქართველოდან ემიგრანტების რიცხოვნობამ  105 107 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96 864 კაცი შეადგინა.  ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

მძიმე ფსიქოსოციალური ფაქტორების შედეგები, რასაც საზღვარგარეთ შრომისუნარიანი ასაკის ქალთა მიგრაცია იწვევს, ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში აზარალებს.  თამარ ზურაბიშვილი, კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან, რომელიც საქართველოდან ქალების ემიგრაციის  პროცესის იკვლევს აღნიშნავს, რომ  პროცესმა საკმაოდ მასშტაბური ფორმები მიიღო.

აუცილებელია, გავიგოთ მიზეზები, რა იწვევს ქალების ემიგრაციას ქვეყნიდან, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი საზღვარგარეთ, რეინტეგრაციის რა შესაძლებლობები აქვთ და რომ ბრუნდებიან რა პრობლემებს აწყდებიან. “  მისივე თქმით, ამ კუთხით ერთ-ერთი პრობლემა არის  საქართველოში დარჩენილი ოჯახები, მაგალითად ბავშვები.

“ამ პროცესს ტრანსნაციონალურ დედობას ეძახიან, როცა დედები მიდიან საზღვარგარეთ და უვლიან სხვის შვილებს, მაშინ როცა საქართველოში დარჩენილ მათ შვილებს უვლიან სხვა ადამიანები.  ამის გამო ბავშვებს შესაძლოა, შეექმნათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზეც. როდესაც ემიგრაციიდან ბრუნდებიან ქალები, ოჯახებში ხვდებათ შეცვლილი მდგომარეობა, ოჯახში სხვანაირად არის გადანაწილებული როლები, სტატუსები და ესეც იწვევს პრობლემებს რეინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ შედეგებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რა შედეგების და პრობლემების წინაშე დგებიან საზღვარგარეთ წასული ქალები”,- აღნიშნავს მკვლევარი.

„უმუშევრობის მაღალი დონე (განსაკუთრებით – რეგიონებში), ამასთან – დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება უბიძგებს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეძიოს სამსახური საზღვარგარეთ, ხოლო საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლით საქართველოში დარჩენილი ოჯახები არჩინოს. ფინანსური დახმარება, რომელსაც ქართველი ემიგრანტები თავიანთ ოჯახებს უგზავნიან, საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს ამ ოჯახებისათვის და მათი შემოსავლების მნიშვნლოვან ნაწილს შეადგენს.  შრომითი მიგრაცია განპირობებულია ორი ძირითადი მიზეზით: მიმღებ ქვეყნებში არსებული მოთხოვნით მუშახელზე, რომელსაც ამ  ქვეყნების მოსახლეობა ვერ აკმაყოფილებს, და ემიგრანტების მშობლიურ ქვეყნებში მუშახელის ჭარბი ოდენობით და უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონით.

შესაბამისად, მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია ან არასრულად არის დასაქმებული, ან რომელსაც დაბალი ანაზღაურება აქვს, ცდილობს წავიდეს იმ ქვეყნებში, სადაც მასზე არის მოთხოვნა და სადაც უკეთესი ანაზღაურების მიღების მეტი პერსპექტივაა.„ – აღნიშნულია კვლევაში „შრომითი ემიგრაცია დაბა თიანეთიდან: ემიგრაციული ქსელების განვითარება “.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ დედის საზღვარგარეთ გასვლას და ბავშვების დატოვბას დიდი ტრავმები ახლავს:

„დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები, რა უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, არა ოჯახს, არა დედას, არამედ  მთელ გარემომცველ სამყაროს, მართალია, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც არ პატიობენ დედის გარეშე ყოფნას, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს თან (საკუთარ თავთან გაუცხოება, აგრესია, უნდობლობა და ა. შ.). ვერც დედები „პატიობენ“ საკუთარ თავს და ეს თვითდანაშაულის განცდა, რომ შვილებთან ფიზიკურად არ არიან, გამოიხატება გადაჭარბებულ ზრუნვაში: უფრო მეტი იმუშაონ, უფრო მეტი ფული გამოუგზავნონ, მეტი მისცენ შვილებს, ოჯახს.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დანაშაული არ არსებობს. აქ არსებობს მხოლოდ დროის, ეპოქის „სივერაგე“, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და თვით ე. წ. კულტურული გულგრილობა. ამიტომაც უჭირთ ბოლომდე დედაშვილობის შეწირვით მიღებული მატერიალური ე. წ. კეთილდღეობის შერგება. ასეთი ფული ძნელად „ცოცხლობს“ ანუ ვერ ამრავლებს თავის თავს, ვერ იქმნება მისგან ახალი შემოსავლის წყარო ანუ არ ხდება მისი კვლავწარმოება. ის უმეტესწილად მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოიყენება; არც თუ იშვიათად ხდება ხოლმე, აგრეთვე, რომ გამოგზავნილი ფული მავნე ჩვევებს ხმარდება (აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ღამის კლუბები).

დედამ მაქსიმალურად უნდა ეცადოს კომუნიკაცია ჰქონდეს შვილებთან, ესაუბროს მათ პატარაობაზე,  გაიხსენონ საერთო ისტორიები. ასე ისინი შეძლებენ გაწყვეტილი, შეჩერებული კავშირის აღდგენას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ძველ ასოციაციებთან დაბრუნება წარსულს გვიმთლიანებს, მით უმეტეს, როცა ის სასიამოვნო, მხიარული, იუმორით გაჯერებული ეპიზოდებით იქნება გაცოცხლებული.

knews.ge

Exit mobile version