Irine Gotsiridze

by momsedu.ge

Мысли о женщинах-мигрантках

ფიქრები ემიგრანტ ქალებზე


სიყვარულით გათხოვდა ხატია, ორი ვაჟი შეეძინა მეუღლესთან. სახლი, სადაც ცხოვრობდნენ დიდი იყო, მაგრამ ორი ძმის და სულ საკეთებელი. ხატია მარჯვედ აუდიოდა დიასახლისის რუტინულ საქმეს, მეუღლეც მხარში ედგა თავისი ხელობით. მამა ჰყავდა ხატიას, საყვარელი ქალიშვილის სახლის ავეჯით და რემონტით უზრუნველყოფის ზრუნვას რომ არავის ანდობდა, ყოველ ხელფასზე ექიმის რეცეპტივით ჰქონდა გამოწერილი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, თუ სამშენებლო მასალები. მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, ბიჭები გაიზარდნენ, ცხოვრება უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდა, ხატიას საზრუნავი მოემატა: ხან ძიძად, ხან სასტუმროს მზარეულად მოეწყო საკურორტო ქალაქებში, სახლიდან სულ გასული იყო. ერთ მშვენიერ დღესაც დაფიქრდა, მაინც გასული ვარ, იქნებ ნორმალურად ანაზღაურებად, სტაბილურ სამუშაოზე ვიფიქროო… მეგობარს მიწერა იტალიაში, მანაც შეუფერადებლად, რეალურად აღწერა უცხოეთში სამუშაოს მაძიებებლი და მერე მკაცრ ჩარჩოებში ჩასმული, ქართული განრიგისგან რადიკალურად განსხვავებული, სტრესით და უარყოფითი ემოციით მეტწილი ცხოვრება, დაფიქრდა ხატია, წარმოიდგინა უკვე თვეობით და წლობითაც ქმარ-შვილის გარეშე, როგორ უნდა შეელიოს ქმრის სითბოს, შვილებთან ჩახუტებას??? მეორე სართულზე ავიდა, ნახევრად უკარფანჯრებო, გაულესავ კედლებს შეხედა, ორი გზაზე დასაყენებელი ბიჭის მომავალზე გაფიქრებამ კიდევ მეტად გამოაფხიზლა და გადაწყვეტილებაც უმალი იყო, მეუღლეც დიდად აღარ გაძალიანებია და წავიდა… იტალიაშია, მოხუცს უვლის, ყოველდღე ღმერთს მადლობას სწირავს ხატია რომ გამოუგზავნა, არააფერს არ იშურებს მისთვის, გასამრჯელოსაც კარგად უხდის, ხატიაც უგზავნის ოჯახს მკაცრი ინსტრუქტაჟით და ანგარიშის მოთხოვნით ფული სახლს და ოჯახის წინსვლას მოახმარონ, მადლობა ღმერთს, უჯერებენ.

საკმაოდ მოზრდილ ასაკში გათხოვდა შორენა, მეუღლე სხვა ქალაქიდან იყო, აქ სახლი არ ჰქონდა და შორენაც მშობლებთან აგრძელებდა ცხოვრებას, ძმა არ ჰყავდა, ერთი გათხოვილი და მხოლოდ. ქალიშვილი შეეძინა, დახაროდნენ ბებია-ბაბუა, შორენაც ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მათ იდილიას ქმრის წრეგადასული სმა და მთვრალი, მოიერეშე გამოხდომები საფუძველს აცლიდა, დღითიდღე ივსებოდა მოთმინების ფიალა, მოხუც მშობლებს უჭირდათ სტრესიდან გამოსვლა, სიძისგან თავმოყვარე ოჯახის ღირსების ფეხქვეშ თელვას დასასრული არ უჩანდა.. შორენამ უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთში წავიდა, ოღონდაც საფრთხე აერიდებინა ოჯახისთვის, აღარ დაეძებდა ერთადერთი შვილის დატოვებას, არც იმას, არასოდეს მშობლიური ქალაქის იქით რომ არ გაუხედავს, არც უმუშავია და დღემდე მშობლების კალთას იყო ამოფარებული.

უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ თეა ამერიკის საელჩოში შევიდა, ცდა ბედის მონახევრეა, ეგებადა ათწლიანი ვიზა გამოვიტანოო, გაუმართლა! აქამდე დალაგებული გეგმები სულ სხვაგავარად გადაალაგა, ოჯახის შექმნაზე ფიქრი სადღაც იქით გადაწია, წასასვლელ თანხასაც მოუყარა თავი და, რომ არა მისი ბერად შედგომილი ძმის კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია და დაუღალავი მცდელობა ჩემოდნებზე შემჯდარი, ოკეანისგადაღმა ფეშენცხოვრების აწყობის დაუოკებელი სურვილით აღსავსე დის შესაჩერებლად შემოსავლიანი და თანაც საინტერესო სამსახურის შედეგიანი ძიებისა, ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა თეას ემიგრაცია ამერიკაში?! სამსახურს ოჯახი მოჰყვა, ახლა შტატები და ამერიკული ოცნებები კიარადა, მზრუნველი ქმარი და ორი ბოკვერივით ბიჭი ჰყავს და ყელამდე ბედნიერია!

ელზამ გვიან აღმოაჩინა მისი სათაყვანებელი ვაჟის არაჯანსაღი, დამღუპველი ინტერესი აზარტული თამაშებისადმი, ეგონა შეყვარებული ჰყავდა და მასთან შესახვედრად და პატივსაცემად ხარჯავდა მშობლების მიცემულ ფულს. ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ ბიჭი ყელამდე ვალში იყო ჩაფლული! ფეხქვეშ მიწა, შიგნიდან მთავარი საყრდენი, ზნეობის, მორალის და სრულყოფილების შეგრძნება ერთდროულად გამოეცალა ელზას, სასწაფოდ დაუკავშირადა ნაცნობ-უცნობებს, დიდი წვალების, ნემსის ყუნწში გაძვრომის შემდეგ, როგორც იქნა, გადალახა ისრაელის საზღვარი და დაიწყო ჯოჯოხეთური ყოველდღიურობა, ზედ დამატებული აუტანლად ცხელი კლიმატი და თანდართული ჯანმრთელობის და კიდევ სხვა, ფსიქოემოციური პრობლემები, ფულადი გზავნილები სახლში ვალის დასაფარავად… ამბობენ, ელზას ბიჭი კიდევ თამაშობს, მეტი მონდომებით, გარანტირებულ ფულს ელოდება დედისგან, ელზაც გზავნის, ინსტიქტად და რეფლექსად ექცა, ვალი კი არ ილევა…

დაუსრულებლად შეიძლება წერო მსგავს ისტორიებზე, ქალების საქართველოში გაუმჟღავნებელ და ემიგრაციაში აღმოჩენილ უნარებზე, გადაარჩინონ ოჯახი და საკუთარი თავიც, რა შეძლებიათ თურმე ქალებს?! თავდადებულ, მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად მათი ფანტაზიაც ხომ ამოუწურავია, ამბობენ, ემიგრაციაში ცოლქმრული ურთიერთობის სიწმინდეზეც აზრი ეცვლებათო, უფლის მადლს კარგავენ და გულიც უცივდებათო… წლები გარბის და ჭირს ზღვარის დაჭერა, როდის დაბრუნდნენ, სად დაუსვან წერტილი, ვეღარ აცნობიერებენ სასიცოცხლოდ აუცილებელს აწვდიან ოჯახებს თუ შვილების და შვილიშვილებისთვის ზედმეტი ფუფუნების დასაგროვებლად იღწვიან, ან თუ ებადებათ კითხვა რა იქნება შინ დაბრუნების მერე, შეძლებენ ინტეგრირებას ოჯახის წევრებთან, ძმისშვილებთან, მეგობრებთან? იქნებ შიშიც აქვთ, რომ ვერ შეეგუებიან, ან ისინი არ მიიღებენ უმუშევარს და უფულოს? ვინ იცის, რა ცეცხლი უტრიალებთ გულში, გამოუთქმელი და მტანჯველი! ვინ არის ემიგრანტი, რამდენი ხანი შეიძლება გერქვას ეს სახელი, რომელ მიწა-წყალს ეკუთვნი, შენ სამშობლოს, სხვისას??? ვის უნდა მოსთხოვო რამე რომ გაგიჭირდეს – შენ სახელმწიფოს, სხვისას??? ღმერთო, რა საშინელი კითხვებია… იქნებ, ცხოვრების ბოლოს ისიც აღმოაჩინო, რომ სხვაზე მეტი არც არაფერი გაგაჩნია და მწარედ აღმოგხდეს, მიღირდა მთავარი ფასეულობები: ჯანმრთელობა, პირადი ბედნიერება, განუხორციელელბელი დედაშვილობა, ძვირფას ადამიანებთან სიახლოვის სიხარული მენაცვალებინა ამ ყველაფრისთვის? არა, ეგოისტი არ ხარ ამ კითხვებისთვის, ადამიანი ხარ, მოკვდავი და ჩვეულებრივი, უბრალოდ ხანდახან უჩვეულოდ ბევრს და შეუძლებელსაც ითხოვენ შენგან… ვინ იცის ემიგრანტებო?! თქვენი დარდია ეს, თქვენი განსაცდელი! მინდა გაგამხნევოთ და ერთი მარტივი ჭეშმარიტება შეგახსენოთ, ცხოვრება ყველგან მშვენიერია, სიხარულს სევდა და სევდას სიხარული ყველგან ახლავს – აქაც და იქაც!

P. S. სტატიაში გამოყენებულ ყველა ამბავს ჰყავს თავისი რეალური პროტოტიპი, გამოგონილი არცერთი არაა.

momsedu.ge

Exit mobile version