Gulo Kokhodze. From Deportation to Self-Exclusion

by sknews.ge

 დეპორტაციიდან ‘თვითდეპორტაციამდე’

„სისხლი მეყინება ძარღვებში, აი ყელიდან მიჭერს, როცა მახსენდება რომ აქაურობა უნდა დავტოვო და წავიდე“, – ამბობს  მუსლიმი მესხი, ნარგიზ სულეიმანოვა, რომელიც 2009 წელს ნოემბრის თვეში, ოჯახთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა და ახლა ისევ უწევს სამშობლოს დატოვება და წასვლა.

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ აიღო ვალდებულება მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ. 2007 წლის 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 2008 წლიდან მუსლიმი მესხების, ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას. ამის შემდეგ გადაწყვიტა ნარგიზ სულეიმანოვას ოჯახმა საქართველოში დაბრუნება.

ნარგიზის ამბავი

პირველად ნარგიზის ბაბუა და ბებია გადაასახლეს, მათ სულ უნდოდათ სამშობლოში დაბრუნება, მერე მშობლები იხსენებდნენ თავიანთი დედ–მამის მესხეთს, შვილებს უყვებოდნენ, ჰოდა, შვილებმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, ჩამოვიდნენ, თუმცა  . . .

ნარგიზ სულეიმანოვა იხსენებს 2009 წელს როგორ მოადგნენ საქართველოს საზღვარს სახლის ნივთებით დატვირთულები.

გოვჰაროვების ამბავი

ახალციხეში, საბარგოს დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს, გოვჰაროვების ოჯახს ვეწვიე. დიდი ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა. დავიძახე. მეზობელმა გამაგონა.

გოვჰაროვების ისტორიული გვარი თურმანიძეა. ოჯახი აზერბაიჯანიდან საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და ახალციხეში დასახლდა.  

მაჰმუდ გოვჰაროვი, მეუღლე ზანნა, მათი ვაჟი იუნუს, ცოლი ფავზია და სამი ვაჟი – ელდარი, ბინალი და რუსტამი.

მშრომელმა ოჯახმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი და საკმაოდ მალე გაიმართა წელში.

ამ ადამიანებს მიწაზე მუშაობა უყვარდათ, რაღაცნაირი დოვლათიანი ოჯახი იყო, მხიარულები, კეთილები, მშრომელები, იგივეს მეუბნებიან მეზობლებიც.

ბიჭებმა სკოლა აქ დაამთავრეს. მაჰმუდი და ზანნაც აქ გარდაიცვალნენ და ახალციხეში არიან დასაფლავებულნი. 

ფოტო: გოვჰაროვების სახლი – ფანჯარაზე განცხადებაა მიკრული – “იყიდება”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა  25 ოქტომბერს  გაავრცელა განცხადება – რეპატრირებული მესხების მოქალაქეობის და უფლებების დაცვის საკითხი კვლავ პრობლემურია.

,,დღეს მუსლიმი მესხების თემში ყველაზე მძიმედ დგას საქართველოში მყოფი, (ძირითადად შემთხვევაში) რეპატრიანტის სტატუსის მქონე, თუმცა მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ოჯახის მდგომარეობა. აღნიშნული ოჯახები ვერ ახერხებენ მოქალაქეობის მიღებას, რადგან მათ უკვე გაუშვეს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურით სარგებლობის ვადა, მოქალაქეობის მინიჭების სხვა არსებული პროცედურა კი მათთვის გადაულახავ ბარიერებს ქმნის, მათ შორის, ენის არცოდნის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, საქართველოში მუდმივად და უწყვეტად ცხოვრების გამოცდილების არ ქონის პირობები“, – ვკითხულობთ  განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ღონისძიებების გატარებისკენ საქართველოდან გადასახლებული მესხებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მხარდაჭერისა და მათი უფლებებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობისთვის.

რას ამბობს სახელმწიფო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე რეპატრიაციის ნაწილში ზოგადი ინფორმაცია, მარეგულირებელი აქტები, რეპატრიაციის სტატისტიკა დევს.

ზოგად ინფორმაციაში რეპატრიაციის საკითხებზე ვკითხულობთ – 2014 წლის 12 სექტემბერს მიღებულ იქნა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია. სტრატეგიის მიზანს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მუსლიმი მესხები ამბობენ, რომ  არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს მოქალაქეობის მიღება, საზოგადოებაში ინტეგრირება კი შეძლეს დამოუკიდებლად და ეს მოვიდა  ნელ–ნელა წლების განმავლობაში.

 რა მოხდა 77 წლის წინ

1944 წლის 15 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: ათეულობით ათასი მუსლიმი მესხი და მათთან ერთად ყარაფაფახები, ქურთები, ბოშები და თურქები იძულებით აყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან და შუა აზიაში გადაასახლეს.აღნიშნული დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისს N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე.

რელიგიური ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა დასახელებული რაიონების ყველა მცხოვრები, გარდა აღნიშნულ რელიგიას მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. თითოეულ ოჯახზე მიმაგრებული იყო თითო ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ოჯახის უფროსს სთავაზობდა თავისი ნებით ჩაებარებინა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის შემდეგაც, მიღებული პასუხის მიუხედავად, ატარებდა ჩხრეკას. გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ თან წაეღოთ პირადი და სხვა ნივთები, ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1.5 ტონისა. გადასახლებულთა მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები აღიწერებოდა ადგილობრივი კომისიების მიერ და გადაეცემოდა სახელისუფლებო ორგანოებს.

13 წელია რაც გოვჰაროვებისა და ნარგიზ სულეიმანოვას ოჯახი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ელოდება. ამჯერად, გადასახლებიდან 77 წლის შემდეგ, დეპორტაცია ,,თვითდეპორტაციამ“ შეცვალა.

sknews.ge

Exit mobile version